ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა (ფოტო)

785

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: ავთო ინასარიძე

“ყველა ადგილობრივ ინსტანციაში ვიყავი, სხვადასხვა მერთან, გუბერნატორთან, დეპუტატთან, მაგრამ უშედეგოდ,“ – 1871 წელს აშენებულ სახლში წვიმის დროს წყალი ჩადის, ხის ჩუქურთმები და კედლის მხატვრობა კი ყოველდღიურად ნადგურდება.

მანანა იგითხანიშვილი ახალციხის ისტორიულ უბანში, ათონელის N14-ში დასთან ერთად ცხოვროვს. ხელისუფლებისგან კი წლებია, ძეგლის სტატუსის მქონე ორსაუკუნოვანი სახლის ჭერის შეკეთებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

სახლს ძეგლის სტატუსი ძეგლთადაცვის სამინისტროს მიერ 2011–2012 წლებში, ათონელის ქუჩაზე სხვა სახლებთან ერთად მიენიჭა. ორსართულიან შენობაში, მეორე სართულზე ერთი ოთახის კედლები მოხატულია, სახლის შესასვლელს პირვანდელი, ძველებური რკინის ზარით და ცხრა კლიტულით მორთული ხის კარი აქვს, თუმცა ჭერიდან ჩამოსული წყალი წლებია ნახატსაც და ჩუქურთმებსაც აზიანებს.

იგითხანიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობას რამდენჯერმე, სხვადასხვა დროს წერილობით მიმართა. ქალაქის ყოფილ მერს ვლადიმერ ზედგინიძეს კი პირადად სთხოვა შენობის შეკეთება:

“ქალაქის მერი ზედგინიძე ტაძრიდან მოვიყვანე ჩემს სახლთან და ჩემი გასაჭირი ვუთხარი. ოღონდ ხმა მომეცი რასაც გინდა გაგიკეთებთო, მას შემდეგ ჩემთან არავინ მოსულა. არადა წყალი წვიმის დროს სულ ჩამოდის და სახლი ინგრევა“.

ვლადიმერ ზედგინიძე “სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ იგითხანიშვილს მისთვის არ მიუმართავს: “ამ ქალბატონს ჩემთვის არ მოუმართავს და ამ სახლის საკითხზე არც მე მიმიმართავს ძეგლთადაცვის სამინისტროსთვის, რადგან ჩემი მიზანი ათონელის მთელი ქუჩის გაკეთება იყო და არა მხოლოდ იგითხანიშვილის სახლის“.

ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გელვასი გელაძემ რედაქციის კითხვაზე, აპირებენ თუ არა ძეგლის სტატუსის მქონე შენობის საკუთარი რესურსებით შეკეთებას, გვიპასუხა: “ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს ჩვენ არ ვაკეთებთ, დაურეკეთ პრესსამსახურს“.

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ სახლს ვერც მუნიციპალიტეტი და ჯერ ვერც კულტურის სამინისტრო შეაკეთებს: “მანდ სახლების შესაკეთებლად მთლიანი გეგმა უნდა არსებობდეს, რაშიც გათვალისწინებული იქნება აღნიშნული სახლიც“.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ “კანონი თვითმმართველობებს ავალდებულებთ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინონ ის მინიმალური ხარჯები, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სახლებისთვისაა საჭირო. საქართველოში 15 000 ასეთი სახლია, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი რეაბილიტაცია და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ვალდებულიება აღებული ამ საკითხზე. ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ამ სახლის მდგომარეობით დაინტერესდება“.

მანანა იგითხანიშვილი ამბობს, რომ ორსაუკუნოვანი სახლის გადასარჩენად სასწრაფოდ მხოლოდ ჭერის შეკეთებაა საჭირო, იმისთვის რომ წვიმის წყლით კედლები კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს.