გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მერიის ცნობით, ვაკანტურია ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციები. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს.
“ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში უფროს სპეციალისტს მოეთხოვება უმაღლესი განათლება და ეკონომიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. რაც შეეხება ქალაქ გურჯაანში მერის წარმომადგენლის ვაკანსიას, აღნიშნულ პოზიციაზე საკმარისია კონკურსანტს ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება, სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 1100 ლარამდე მერყეობს“, – განაცხადეს გურჯაანის მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე მიმდინარე წლის 13 ოქტომბრამდე შეეძლებათ. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში მიიღებს.