ქობულეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აშენებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ასევე, თანამშრომლებისთვის გამოყფილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე კი, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ დრომდე, ცენტრის პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ იყო უზრუნველყოფილი.
“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ხორციელდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.