ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

921

ქალაქ ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, სადაც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წერილს გნიხილავენ,  ხმაურით მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის თქმით, სხდომაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან მობილიზებულები, და ეს ხდება მიზანმიმართულად. მისი თქმით, დღეს ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი მოაზრების გამოთქმის, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე. მის ამ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიასთან. ანა წითლიძის თქმით, ისინი საკრებულოს სხდომაზე იმყოფებიან და არა „სილამაზის სალონში“. მან მოუწოდა ნატალია შეროზიას დამშვიდდეს და ისე გაუძღვეს სხდომას. თავის, მხრივ შეროზიამ უპასუხა, რომ ყველას მიეცემა შეაძლებლობა აზრი გამოხატოს, და რომ მისი შოუები ყველას მობეზრდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ გაერთიანების შედეგად დაიზოგება ადმინისტრაციული ხარჯები, რაც მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მისივე თქმით, მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია და სახსრები უფრო მიზნობრივი გახდება. ნატალია შეროზიამ აღნიშნა, რომ გამგებელს და მერს შორის ფუნქციური განსხვავება არ არის და რომ მერის ინსტიტუტი მიღებული პრაქტიკაა ევროპაში.

საკრებულოში,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაინტერესებული მოქალაქეები იმყოფება. სხდომას ესწრება ასევე თენგიზ ჯგუშიაც, რომელმაც დღეს მოსალოდნელი გაერთიანება აქციით გააპროტესტა. აქ იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მაია კალანდია და ლევან თორია. არასამთავრობოები სხდომაზე მოვიდნენ პკალატით – „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 მაისს გამართულ სხდომაზე მოიწონა სამთავრობო კომისიის აღნიშნული წინადადება.

წყარო: ლაივპრესი