იმერეთის გუბერნატორმა 20-მდე სოფლის მაცხოვრებელს “კენკროვანი კულტურების” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

1075

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში “დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – “კენკროვანი კულტურები“ დაემატა.

ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე, მათი იმპორტის შემთხვევაშიც დაფინანსდება; ამასთან, 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულება და საჭიროების შემთხვევაში, ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის 20–მდე სოფლის მაცხოვრებელს შეხვდა და პროექტის “დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი გააცნო, რომელიც “კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული.

გუბერნატორმა შეხვედრებზე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია თითოეულმა გლეხმა აითვისოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, გააშენონ ბაღები და ნახონ სარგებელი.

“მე მზად ვარ, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია რას მოიცავს ეს პროექტი და რა სარგებელს ნახავენ ის კოოპერატივები თუ პირები, რომლებიც აღნიშნული პროექტით ისარგებლებენ. შეხვედრებზე უკვე გამოიკვეთა კენკროვანი ბაღების გაშენების მსურველები და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციებს უახლოეს დღეებში აწარმოებენ. ვაპირებ ყველა დაინტერესებულ პირს, პირადად შევხვდე და სრული ინფორმაცია მივაწოდო მსაგავსი პროგრამების შესახებ, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას“,–აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.