გორის სოფელ ფხვენისში საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ახლადგახსნილ სააღმზრდელო დაწესებულებაში 2 ჯგუფი ფუნქციონირებს და 50 ბავშვი ირიცხება.
მერიაში აღნიშნავენ, რომ ფხვენისის საბავშვო ბაღი, რომელსაც რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩაუტარდა, მოუწესრიგებელი შენობის გამო 27 წელი არ ფუნქციონირებდა.
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა ბაღს საჩუქრად სათამაშოები გადასცა.
“მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესაძლებლობა. პირველი 6 წელი ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. 6 წლამდე ბავშვს სათანადო სააღმზრდელო გარემო, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ეხმარება განათლების მომდევნო საფეხურების წარმატებით გადალახვაში“, – აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
სააღმზრდელო დაწესებულება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.