ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს თხოვნით მიმართვენ, მხარი არ დაუჭირონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას თვითმამრთველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მათ დღეს საიას ოზურგეთის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.
“მოგახსენებათ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 15 მაისის #01/1628 წერილით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განეხილა და წერილობითი ფორმით გაეგზავნა მოსაზრებები მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, წერილში მითითებულია, რომ დანართის სახით წარმოდგენილია:_ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება; მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტებში შემავალი დასებების ჩამონათვალი; მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობა; მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი მუნიციპალიტეტის სქემატური რუკა; მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრი; გამართული კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტი. ოზურგეთის და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წარმოდგენილი წერილების მაგალითზე ირკვევა, რომ მე-6 დანართის სახით წარმოდგენილია ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან გამართული სხდომის ოქმი, რომელსაც ადგილობრივი მხრიდან ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილეები და გუბერნატორის მოადგილე. აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ მოქალაქეები და იგი არ შეიძლება მოვიაზროთ, როგორც საჯარო შეხვედრა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „შესაბამისი სამთავრობო კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას უგზავნის მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოებს)”.ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტია: „ზ“ – მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები.” ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვას უზრუნველყოფს შესაბამისი სამთავრობო კომისია, ხოლო შუამდგომლობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარდგენის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტი.“ ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად: „მოსახლეობასთან კონსულტაცია იმართება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან საჯარო განხილვის ფორმით. შესაბამისი სამთავრობო კომისია/მუნიციპალიტეტი საკითხის საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს სამთავრობო კომისიისთვის განსახილველად წარდგენამდე საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ.” ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად: „ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებად ითვლება მისი გამოქვეყნება ბეჭდვით გამოცემაში, რომელიც ვრცელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე) და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ინფორმაცია ბეჭდვით გამოცემაში გამოქვეყნების ნაცვლად საჯაროდ გამოაცხადოს. დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში შესაბამის სამთავრობო კომისიას/მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები. საჯარო განხილვის პროცესში შეიძლება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გაიმართოს”. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტრომ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა – საჯაროობის პრინციპი, რაც კანონით აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ფაქტია, რომ: არც ადგილობრივ ბეჭდვით მედიაში გავრცელებულა ინფორმაცია საჯარო განხილვის თაობაზე და არც საჯაროდ გამოცხადებულა ამის თაობაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა საჯარო შეხვედრები; სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტაციაში არ არის მოსახეობასთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმეტი (ის, რაც დანართის სახითაა წარმოადგენილი, ვერ ჩაითვლება ასეთ დოკუმენტად). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ოზურეგთის საკრებულოს ვთხოვთ: დაიცვას საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნები და გადადოს საკრებულოს სხდომა მანამ, სანამ სამთავრობო კომისია არ უზრუნველყოფს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არ მიაწვდის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტებს. ქალაქ ოზურგეთოს საკრებულომ სხდომაზე მოითხოვოს ზემოაღნიშნული დოკუმენტი დანართის სახით“, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახლაგზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის, საქართველოს დემოკარტიული განვითარების კავშირის, გურიის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: გურიანიუსი
ფოტო: გურიანიუსი