TI: ზესტაფონის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს

871

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ზესტაფონის მერიას მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომლის – იამზე მარაქველიძისა და ნინო ნიკაჭაძის თანამდებობაზე აღდგენისკენ მუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზესტაფონის მერიამ 2018 წლის 1 იანვრიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა წააგო და მუნიციპალიტეტს მათი დაუყონებლივი აღდგენა დაევალათ, თუმცა, მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

იამზე მარაქველიძე და ნინო ნიკაჭაძე 2018 წლის 1 იანვრიდან განთავისუფლდნენ ზესტაფონის მერიაში დაკავებული თანამდებობებიდან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტების დახმარებით ეს გადაწყვეტილებები სასამართლოში გასაჩივრდა. პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა გათავისუფლებები უკანონოდ ცნო და მერიას სამსახურში მათი დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა.

თუმცა ზესტაფონის მერიამ უარი განაცხადა გადაწყვეტილებების აღსრულებაზე იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი თანამდებობები ვაკანტური აღარ იყო. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, აღნიშნული გარემოება უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენას ვერ აბრკოლებს ვინაიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის და დაუყოვნებლივ აღდგენის შემთხვევაში, პირი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ თანამდებობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მოსარჩელეებმა გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების მიზნით მიმართეს როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ასევე პროკურატურას, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელი რჩება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მოუწოდებს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას – აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები და დაუყოვნებლივ აღადგინოს განთავისუფლებული პირები სამსახურში; საქართველოს პროკურატურას – აწარმოოს დროული და ეფექტური გამოძიება და შეისწავლოს საქმეში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობა; აღსრულების ეროვნულ ბიუროს – შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილებების შეუფერხებელი აღსრულება.