ვერის ბაღის რეაბილიტაციის პროექტის შექმნის სურვილი ერთმა კომპანიამ გამოთქვა

1419

ვერის ბაღის რეაბილიტაციის პროექტის შექმნასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ – შპს “არქიტექტორები.ჯი2”-მა მიიღო. კონკურსი მერიამ 12 სექტემბერს გამოაცხადა, 23 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით კი პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა შეეძლოთ.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, წარმოდგენილ საკონკურსო წინადადებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.

საკონკურსო პირობების თანახმად, პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 215 ათასი ლარი იყო. გამარჯვებულმა კომპანიამ კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარულ დღეში მერიას სრული პროექტი უნდა ჩააბაროს. ამ ვადაში, მათ შორის, პროექტის ექსპერტიზის მომსახურებაც შედის.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ძირითადი მიზანია, ვერის ბაღისთვის შეიქმნას რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების და გადაკეთებების გარეშე. გასათვალისწინებელია ბაღის ისტორიული იერსახის შენარჩუნება. პრიორიტეტულია კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის შესაბამისი ზონების მოწყობით.

სასურველია, ბაღის ტერიტორია დაიყოს შემდეგ ზონებად: ცენტრალური სივრცე; შადრევნები; 2 სპორტული სივრცე; 3 საბავშვო სივრცე; პავილიონი ან/და ღია საზოგადოებრივი სივრცე; ძაღლების სასეირნო სივრცე; 1 საპიკნიკე სივრცე;

ძირითად ბილიკებზე უნდა მოეწყოს ღამის განათება, დამატებითი ბილიკები და განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან. ბაღის მთელ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფები და ამკრძალავი ნიშნები. საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები.

ვერის ბაღი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საპროექტო გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყონ მოვლა-პატრონობის ხარჯების ოპტიმალურობა;
გამოყენებული სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები საშუალებას უნდა იძლეოდნენ მინიმუმამდე იქნას
დაყვანილი მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების (რემონტის) ხარჯები;

ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალების და ნაკეთობების შერჩევა უნდა განხორციელდეს დამკვეთთან
შეთანხმების საფუძველზე; მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება; გამოყენებული მასალები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა;

უნდა განხორციელდეს სარწყავი წყლის ალტერნატიული წყაროების მოძიება და არსებობის შემთხვევაში პროექტში გამოყენება.

პროექტის შეთანხმება უნდა მოხდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული კონკურსი ჩავარდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი მერიის მიერ დათქმული არარეალურად მოკლე ვადაა – 90 დღე, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ კომპანიას სრული პროექტი უნდა წარედგინა.

კონკურსი რომ არ შედგა, ამაში თავად მერია საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. კალაძის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ ახალ კონკურსს გამოაცხადებენ და იმედოვნებს, რომ მასში უკვე ბევრი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე კონკურსის ჩავარდნას კი ბითაძე იმ აჟიოტაჟს აბრალებს, რომელიც მერიის მიერ შედგენილმა პირობაბმა გამოიწვია.