ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

777

მიმდინარე წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სარეაბილიტაციო არეალში, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე იწარმოებს, რაც ხელს არ შეუშლის ავტომანქანების გადაადგილებას.

შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.