ფოთში მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

879

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად შპს “ურბანიკა“ გამოვლინდა.

მალთაყვის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ და შპს „ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ წარმოადგინეს.

“პროექტში ძირითადად აქცენტი გაკეთებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მაგრამ აქაც არის დიფერენციაცია, ზოგ შემთხვევაში ეს არის საოჯახო სასტუმროები, ზოგ შემთხვევაში სასტუმროები ბუნების მოყვარულთათვის და დიდი აქცენტი არის გაკეთებული სპორტული ტურიზმის განვითარებაზე.

პროექტი ითვალისწინებს რამოდენიმე დიდი მოედნის და ერთი სტადიონის მშენებლობას. ამ ყველაფერთან ერთად აქვე არის გათვალისწინებული ცალკე უბანი სპორტსმენებისთვის. ეს არის ძირითადი ნაწილი, თუმცა გათვალისწინებულია ასევე საგანმანათლებლო ფუნქცია, აქ დასაქმებული ადამიანებისთვის და სტუმრებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გაიმართება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავადა კოლიმბარის კუნძულის განვითარების გეგმა აგროპარკის ფუნქციით“, – განაცხადა შპს “ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ.

“გეგმარებითი დავალების შესასრულებლად, შესწავლილი იქნა ტერიტორიის ფიზიკური, გეოლოგიური, სეისმოლოგიური და ჰიდროლოგიური მდგომარეობა, ბუფერული ზონები”, – აცხადებენ მერიაში.