საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს. მათი თქმით, ხელისუფლებამ ირანელ ინვესტორს 3 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ისე მიჰყიდა, რომ არ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესი ცხვრების გადასარეკ ტრასასთან დაკავშირებით. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“ამ გადასარეკ ტრასას დაახლოებით საქართველოში არსებული ცხვრების 80% იყენებს, აქედან გადაგვყავს ცხვრები ბარში. ხელისუფლებამ ისე მიჰყიდა ეს მიწა სხვას, რომ ცხვრების გადასარეკი ტრასა არ გახსენებია“, – აცხადებს მოსახლეობა.
ისინი ირწმუნებიან, რომ ამ ტრასის არარსებობის შემთხვევაში მათ დამატებით 40 კილომეტრის გავლა და ბარში ცხვრების ისე გადაყვანა მოუწევთ.
“ინვესტორმა უკვე სამუშაოები დაიწყო, მიმდინარეობს გზის გაჭრა, რეალურად ამ გზას ვეღარ ვიყენებთ“, – ამბობენ სოფელ იორმუღანლოს მაცხოვრებლები.
ადგილობრივები ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივ საპროტესატო აქციებს აანონსებენ.