თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების ფერის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ქალაქში ტაქსების რაოდენობას არ შეამცირებს. მისი თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმ ბენეფიტებს, რომლითაც ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღების შემთხვევაში ისარგებლებენ. როგორც კალაძე აცხადებს, ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით მერიას ძალიან საინტერესო გეგმა აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“თქვენ იცით, რომ რეფორმა რამდენიმე ეტაპიანია, რომელიც ჩვენ მიერ ხორციელდება და რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ფერს რაც შეეხება, ეს არის მეორე ეტაპი და ეს ვალდებულება შემოდის 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, თუმცა ჩვენ უნდა გავუსვათ იმ ბენეფიტებსაც ხაზი, რომელსაც ლიცენზიის მფლობელი ტაქსისტები მიიღებენ. ეს არის ის, რომ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ქალაქში გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილები და ისარგებლებენ პარკირების სისტემით.
ამასთან, ლიცენზიის მქონე მძღოლები საშემოსავლოსგან არიან გათავისუფლებულები. ასევე, მათ კონკრეტული ადგილები მიეთითებათ ავტომობილებზე, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ რეკლამა გაყიდონ და იქიდან მიღებული თანხები იქნება მათი საკუთრება. ტაქსის მანათობელს პირველ ეტაპზე ლიცენზიის მქონე მძღოლს უფასოდ გადასცემს დედაქალაქის მერია. შეღებვას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმა შემუშავებული და ამასაც უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.