ხონის მუნიციპალიტეტის თაღლითობაში მსჯავრდებულმა მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ხონის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
თანამდებობა დატოვა 6 პირმა, მათ შორის, მერის პირველმა მოადგილემ, გელა ჩოგოვაძემ და მერიის კიდევ სამმა თანამშრომელმა, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ, ზაზა რუხაძემ და საკრებულოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა.
“ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზაზა რუხაძისა და მერიისა და საკრებულოს ოთხი საჯარო მოხელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
მას შემდეგ რაც აღნიშნულმა პირებმა ადმინისტრაციას წარუდგინეს ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი განცხადებები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა გათვალისწინებით დატოვეს თანამდებობები. დღესვე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა და უმრავლესობით მხარი დაუჭირა წევრის, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ზაზა რუხაძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას”, – ნათქვამია ხონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო და განაჩენი მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პირები 2 თვის განმავლობაში თანამდებობებს კვლავ ინარჩუნებდნენ და მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მიიღეს მუნიციპალიტეტში მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.
საქმე ეხება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხში მიწის უკანონოდ, დოკუმენტების გაყალბებით გასხვისებას, რომელშიც ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მიწის განკარგვის კომისიის თავმჯდომარე, ზაზა რუხაძე, მერის პირველი მოადგილე, გელა ჩოგოვაძე (ჩოგოვაძე იმ დროისთვის ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა. მერის მოადგილის პოსტზე კი ის 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა), კომისიის წევრები – დათო კირთაძე და ოთარ ბენდელიანი და სხვა საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული. მიწა კი მათ უკანონოდ ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილის ცოლზე გაასხვისეს. ყოფილ მაღალჩინოსანს აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაშიც ჰქონდა შეტანილი.
ხონის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებსა და საჯარო მოხელეებს სასამართლომ პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და ასევე, 40 000 ლარით დააჯარიმა.
დეტალურად აღნიშნული საქმის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე.