თბილისის სხვადასხვა უბანში ბავშვებისთვის “ჩემი ეზოს თამაშები“ გაიმართება. პროექტის პრეზენტაცია 29 სექტემბერს ჩატარდება. იდეა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს ეკუთვნის. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ღონისძიებების ფარგლებში 6-დან 16 წლამდე მოზარდები 90-იანი წლების ეზოს თამაშებს ინსტრუქტორებთან და ანიმატორებთან ერთად ითამაშებენ. ამ მიზნით საკრებულო პროექტ “სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული კომპანიის, “თამაშობანას“ წარმომადგენლებთან ითანამშრომლებს. ისინი ბავშვებს დაეხმარებიან ისეთი თამაშების ორგანიზებაში, როგორიცაა ‘რეზინობანა“, “წრეში ბურთი, “ამის პატრონმა რა ქნას“, “ორდროშობანა“ და სხვა.
პროექტი შაბათს ზღვის უბნიდან („თემქა“) დაიწყება და ეტაპობრივად მთელ ქალაქს მოიცავს. შეჯიბრების შესახებ სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები წინასწარ, გამგეობის თანამშრომლებისა და ამხანაგობების თავმჯდომარეების საშუალებით შეიტყობენ.
პროექტის ორგანიზატორთა თქმით, ეზოს თამაშები გასულ წლებში კომუნიკაციისა და ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა იყო, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა წესებისა და რიგის დაცვას, უწრთობდა ნებისყოფას, უყალიბებდა სიმტკიცეს და უვითარებდა დაბრკოლებების გადალახვის უნარს, ავარჯიშებდა ფიზიკურად.
ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ თამაშების დაწყების შედეგად ბავშვები კომპიუტერების ნაცვლად დროის დიდ ნაწილს ეზოში, ფიზიკურ აქტივობებში გაატარებენ.