ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

1087

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის ადმინისტრაციული შენობა აშენდება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 21 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 000 ლარია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვიზიტორთა შენობა ერთ ან ორსართულიანი იქნება, სადაც უნდა განთავსდეს საინფორმაციო სივრცე (მუზეუმი), დირექტორის ოთახი, დაცვის განყოფილების ოთახი, ჰოლი, საკონფერენციო ოთახი, ტექნიკური ოთახი, სამზარეულო, საწყობი და სანიტარული კვანძები.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 7 ოქტომბერს დაიწყება და 12 ოქტომბერს დასრულდება.

ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა წარმოადგინოს სრულად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში. ინფრასტრუქტურული კომპლექსის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 300 000 (+10% დასაშვებია) ლარს არ უნდა აღემატებოდეს.