ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცემათ

716

ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი 14 ბიბლიოთეკა 298 ახალ წიგნს მიიღებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს წიგნები, რომლებსაც ბიბლიოთეკები მიიღებენ, მოსახლეობაში გამოკითხვის შედეგად შეირჩა:

“ბიბლიოთეკარებმა და მენეჯერებმა მოსახლეობაში გამოიკითხეს თუ რა წიგნები სურდათ მათ და ლიტერატურის ჩამონათვალი ამის მიხედვით შევარჩიეთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიბლიოთეკებში წიგნების უზრუნველყოფაზე გამოცხადებული ტენდერი 18 000 ლარით შპს “კარლსონმა“ მოიგო. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესყიდული 298 წიგნი ახალი უნდა იყოს და მეორადი წიგნების მიღება დაუშვებელია.

გიორგი ჟუჟნაძის თქმით, წლის ბოლომდე ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სვირსა და კლდეში ბიბლიოთეკები გაიხსნება.