კომპანია “შარას“, რომელმაც სოფელ ზღუდერში ახალი ასფალტი დააგო, დაჯარიმება ემუქრება. ამის შესახებ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
მერის მოადგილის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის თქმით, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა ხარვეზები აღმოაჩინა. ხარვეზების აღმოფხვრის გამო, კომპანიას ობიექტის ჩაბარება დააგვიანდა. მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 10 სექტემბერს უნდა გაფორმებულიყო.
“არ იყო სერიოზული ხარვეზები. მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გზის გასწვრივ არსებული ბეტონის ღარები, ასფალტის დონესთან შედარებით, დაბლა იყო. პრობლემა მაშინ იქნებოდა, ასფალტის საფარის დონე დაბალი რომ ყოფილიყო. რაც შეეხება დაგვიანებას, დაგვიანების პერიოდი სულ რაღაც 2-3 დღეა.” – აღნიშნავს ნუგზარ დაბრუნდაშვილი.
ამ ეტაპზე, კომპანიასა და მერიაში საზედამხედველო ორგანიზაცია “ოპტიმალ გრუპის” ინჟინრების მიერ შედგენილ დასკვნას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.