დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების კვირეულის ფარგლებში 30 ნოემბერიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი ჩატარდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ღამის ეკონომიკაში ჩართული 12 ქვეყნისთვის მოწვევა გაგზავნილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საორგანიზაციო პროცესი და ზუსტდება დეტალები.
ასევე, მერიაში აღნიშნავენ, რომ 29 ნოემბერს გაიმართება ეკონომიკის განვითარების ფორუმი ადგილობრივ დონეზე.
ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის თქმით, ღამის ეკონომიკის ფორუმი – Tbilisi Night ძირითადად მომავალი წლების ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად ჩატარდება.
“ეს იქნება წარმომადგენლობითი ფორუმი. მინიმუმ 12 ქალაქთან გვაქვს კომუნიკაცია. 26 სექტემბერს მივემგზავრებით ბრისტოლში და ამ საკითხზე იქაც იქნება საუბარი, თუ როგორ შეიძლება ინფორმაცია გავცვალოთ, რომ მინიმუმ შემდეგი სამი წელი დავგეგმოთ. ვფიქრობთ, მომავალი წლიდან სამოქმედო გეგმა გვექნება, რომელსაც გავყვებით”,- აღნიშნა გვარჯალაძემ.