სტატია მომზადებულია “კახეთის ხმის” მიერ.
სტატიის ავტორი: მაკა ხაზიური
გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ. სოფელ არაშენდას, ქოდალოსა და კაჭრეთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება სამეურნეო ნაკვეთებთან ახლოს იგეგმება, შედეგად კი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას ვეღარ შეძლებენ. ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე განთავსების მოთხოვნით ადგილობრივებმა 800-მდე ხელმოწერა შეაგროვეს და მთავრობას წერილით მიმართეს.
ადგილობრივი მეწარმეები განმარტავენ, რომ ნაგავსაყრელად შერჩეულ ტერიტორიას ესაზღვრება არხი, რომლის საშუალებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ირწყვება. ასევე, ამ ტერიტორიაზეა განთავსებული ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა მეურნეობები.
არაშენდელი ფერმერი, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი ელისო ღვინიაშვილი განმარტავს, რომ ნაგავშემკრების მოწყობა და ყოველდღიურად კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ნაგვით დატვირთული სატვირთო მანქანის მუდმივად ამ ტერიტორიებზე სიარული გამოიწვევს ნიადაგის დაბინძურებას, ჰაერში მოხვდება მავნე აირები, გაჩნდება და გავრცელდება სხვადასხვა სახის დაავადება, გამრავლდებიან მღრღნელები და ქვეწარმავლები, რომლებიც მნიშვნელოვნად დააზიანებენ მოსავალს.
ღვინიაშვილი მიუთითებს, რომ მათთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები სრულიად შეუთავსებელია ბიომეურნეობისათვის, ფერმერული მეურნეობები კი, რომლებიც ითხოვენ ბიოსერტიფიკატს, ვეღარ დააკმაყოფილებენ სტანდარტებს.
“როდესაც გადაწყვიტეს რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობა, ჩვენთვის ამ საკითხზე არავის არაფერი უკითხავს. არაშენდას სახნავ-სათესი მიწები, ვენახები და ბაღები განთავსებულია ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს, სადაც არის სარწყავი ნაგავსაყრელის გაშენების შემთხვევაში შეიქმნება აქ მოყვანილი ყურძნის ქარხნებში ჩაბარების პრობლემა, რადგან ნაგავსაყრელთან ახლოს მოყვანილ ყურძენს არავინ ჩაიბარებს. ამ ადგილას ბიომეურნეობისათვის ხელსაყრელი პირობებია. წარმოების დროს შეზღუდულები ვართ შხამქიმიკატების გამოყენებაში, ნაგავსაყრელის შემთხვევაში აქ გამრავლდება მწერები, სოკოვანი დაავადებები, მღრღნელები, ქვეწარმავლები და სხვა. ჩვენ იძულებულები ვიქნებით, ვებრძოლოთ მათ შხამქიმიკატებით. ეს კი ბიომეურნეობის ფუნქციონირებას შეუშლის ხელს’’,- აღნიშნავს ელისო ღვინიაშვილი.
800-მდე ფერმერმა ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე მოწყობის მოთხვნით მთავრობას მიმართა. ადგილობრივებმა პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი რისკების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობასაც მიაწოდეს ინფორმაცია. ისინი ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებმა მათი მოსაზრება არ გაიზიარეს.
“ჩვენ დავწერეთ მოსალოდნელი პრობლემების შესახებ და აღნიშნული ტერიტორიის მაღალმოსავლიანობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ მთავრობის წევრებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით თვითმმართველობის წარმომადგენლებს შევხვდით და დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, მაგრამ მათ არ გაიზიარეს. დაგვიპირისპირეს არგუმენტები, რომლებიც გააზრებული არ ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ამ ადგილზე ნაგავსაყრელის აშენება ხარჯებს დაზოგავდა. ისინი უყურებენ მხოლოდ ფინანსებს და მოსალოდნე შედეგებზე არ ფიქრობენ. გარდა ამისა, არგუმენტი იყო ასევე, რომ შემცირდებოდა ქაოტური ნაგავსაყრელების რიცხვი. სოფელში აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი ნაგავსაყრელიც არ დგას და მაგიტომ დგება აღნიშნული პრობლემა’’,– განაცხადეს ადგილობრივებმა.
ადგილობრივი ხელისუფლება კი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. გურჯაანის მერი აცხადებს, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება. არჩილ ხანდამაშვილის მტკიცებით, ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის განკუთვნილი ადგილი შეიცვალა.
“აღნიშნული პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გურჯაანისთვის, არამედ რეგიონისთვის, რომ იყოს მოწესრიგებული ნაგავსაყრელი. სტიქიური ნაგავსაყრელების საკითხი ყველა სოფელშია პრობლემური. ნაგავი ყველგან იყრება და შემდეგ პრეტენზია გვაქვს ტურიზმის განვითარებაზე. კარგი იქნება ბევრი ვიზიტორი მივიღოთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. იმის გამო, რომ მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა ნაგავსაყრელის ნაკვეთებთან ახლოს მოწყობის გამო, პროექტის განხორციელების ადგილი შეიცვალა. შესაბამის უწყებებთან შეთანხმების შემდეგ ნაგავსაყრელის ნაკვეთებიდან 4 კილომეტრით მოშორებით აშენდება. ეს საკითხი მოსახლეობასთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა‘’,- ამბობს არჩილ ხანდამაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ადგილობრივები მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.