თბილისის ერთ–ერთ ქუჩას, შესაძლოა, ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს

810

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლოკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ დედაქალაქში ერთ–ერთი ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მისივე თქმით, ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე კომისია 26 სექტემბრამდე, სხდომაზე იმსჯელებს. კომისიის წევრების უმრავლესობის დადებითი განწყობის შემთხვევაში კი, ქუჩა შეირჩევა.

“სექტემბრის თვეში ჩვენ ერთი საკომისიო მოსმენა უკვე გავმართეთ. აღნიშნული ინიციატივა ამ საკომისიო მოსმენის შემდეგ შემოვიდა. შესაბამისად, შემდგომ სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებლად გაიმართება. კომისიის წევრების კონკრეტული პოზიციებიც მაშინ გახდება ცნობილი.

სხდომა უახლოეს ერთი კვირის მანძილზე დაინიშნება. დღის წესრიგში სხვა განცხადებებიც განიხილება. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, თუ რომელი ქუჩისთვის მოხდება ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭება.

კომისიის წევრების უმეტესობის მხრიდან საკითხის მიმართ თუ დადებითი განწყობა იქნება, საკითხი შემდეგ სტანდარტულ პროცედურებს გაივლის და საჯარო განხილვაზე დაინტერესებულ მხარეებსაც მივიწვევთ“, – განაცხადა ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპულმა საქართველოს“ თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა ერთ–ერთი ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოს 30 აგვისტოს მიმართა. გაბაშვილის თქმით, ჯონ მაკკეინი საქართველოს თავისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭრი იყო.