რა უჯდება გორის მუნიციპალიტეტს საბავშვო ბაღების შენახვა და რატომ არ გვყოფნის მაინც ადგილები?

1540

ავტორი:

მიხეილ ჩიტაძე – გორის საინფორმაციო ცენტრი

გუშინ ადგილობრივ მედიას გადავხედე და თვალში მომხვდა სურათი, სადაც ერთ-ერთ საბავშვო ბაღში პარტიული ჩინოვნიკის ვიზიტი იყო ასახული. ამ კადრებმა გამახსენა ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა, ხოლო თანდართული სტატიის შინაარსმა, შესაბამისად, – მაშინდელი საგაზეთო სტატიები, რადგან, რა დასამალია და, დიდი განსხვავება ამ ორ შორის ვერ აღმოვაჩინე.

დარგის მესვეური შეშფოთებული იყო იმით, რომ ბავშვები მეტია და შეიძლება, არსებული ფართი არ იყოს საკმარისი მსურველთა დასაკმაყოფილებლად. „ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ გარკვეული ღონისძიებების გატარებაა საჭირო, სხვანაირად როგორ იქნება, არ ვიცი”, – დასძენდა ბოლოს შეშფოთებული ჩინოვნიკი.

მართალი გითხრათ, მეცინა თუ მეტირა, არ ვიცოდი, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, ამ პრობლემის მოგვარებას, მართლაც რომ სრულიად “გარკვეული ღონისძიებები და მარტივი გამოთვლები” ესაჭიროება. სწორედ ამ გამოთვლებს წარმოგიდგენთ ქვემოთ.

ამავე ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 2000-ს შეადგენს, რაც, აღნიშნული ჩინოვნიკის რეაქციიდან გამომდინარე, უფრო მეტია, ვიდრე წინა წლებში ბაღებში მიღებულ ბავშვთა რაოდენობა. რაც შეეხება ბიუჯეტს: 2018 წლის ბიუჯეტში განათლებაზე იყო 6 000 000-ზე ცოტა ნაკლები ლარი.

გადავიანგარიშე ერთ ბავშვზე გამოყოფილი თანხა და თვალებს არ დავუჯერე: გამოდის, რომ ერთ ბავშვზე მუნიციპალიტეტი დაახლოებით 3 000 ლარს ხარჯავს, რაც, 10 თვეზე გადაანგარიშებით, თვეში 300 ლარს შეადგენს. მოვიძიე ინფორმაცია თბილისის კერძო ბაღებში ერთი ბავშვის საშუალო საფასურის შესახებ და აღმოვაჩინე, რომ გადასახადის თანხა 150 ლარიდან იწყება და, თუ განსაკუთრებით ექსკლუზიურ ბაღებს არ ჩავთვლით, 300 ლარამდეა.

გამოდის, რომ გორის საჯარო ბაღებში ბავშვის შენახვა დაახლოებით ორჯერ ძვირია, ვიდრე თბილისის კერძო ბაღებში. ამასთან, ცოტა ეჭვი მეპარება, რომ გორში უკეთეს სერვისს სთავაზობდნენ ბავშვებსა და მათ მშობლებს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ განსხვავება თბილისისა და გორის ფასებს შორის: მაგალითად, გორში კერძო საშუალო სკოლაში სწავლის საფასური თვეში 150 -დან 200 ლარამდე მერყეობს და მომსახურების სრულ პაკეტს მოიცავს დამატებითი მეცადინეობის ჩათვლით, რაც საბავშვო ბაღზე დაახლოებით 2-ჯერ იაფი გამოდის (რაც თავისთავად პარადოქსია).

მავანნი მეტყვიან, რომ ბიუჯეტი ახალი ბაღების მშენებლობასა და რემონტსაც შეიცავსო, რაზეც ნიშნის მოგებით ისევ კითხვით ვუპასუხებ: იმ კერძო ბაღებს ვინ დაუფინანსა მშენებლობა და რემონტი?

აშკარაა, რომ ბიუჯეტის არახარჯთეფექტიან ხარჯვასთან გვაქვს საქმე და სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსების პოლიტიკა სერიოზულ გადახედვას საჭიროებს.

ბუნებრივია ისმის კითხვა: რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია და სამწუხაროდ, ბანალური. არსებული ხარვეზები სახეზე გვაქვს იმიტომ, რომ არ გატარდა რეფორმა. უფრო სწორად, დაიწყო, მაგრამ უკან დააბრუნეს. 2007-2008 წლებში გორის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნა საბავშვო ბაღის ვაუჩერების სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყველა მსურველს ეძლეოდა 30-ლარიანი ვაუჩერი და 5-ლარიანი თანადაფინანსებით მშობელს ბავშვი მის მიერვე არჩეულ საბავშვო ბაღში მიჰყავდა.

ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ცვლილებამ რადიკალურად შეცვალა სიტუაცია, წარმოიშვა კონკურენცია ბაღებს შორის, თავად საბავშვო ბაღებმა საუკუთარი ინიციატივით დაიწყეს სერვისების განვითარებაც და რემონტიც. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ფინანსდებოდა უშუალოდ ბავშვი და არა თანამშრომლის გარანტირებული ხელფასი – პენსია.

რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერი საქართველოში, ეს საქმეც ბოლომდე ვერ მივიდა და მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ბაღებზე გავრცელდა, მაგრამ ეფექტი სახეზე იყო. შემდგომმა მთავრობებმა ისევ შეცვალეს სიტუაცია და რეფორმამდელ, საბჭოთა მოდელს დაუბრუნდნენ. შედეგიც სახეზეა: ორჯერ და უფრო მეტჯერ მეტს ვიხდით, მაგრამ ისევ დეფიციტი გვაქვს და ისევ არსებული მოდელის შიგნით ვეძებთ გამოსავალს, რომელიც არ არსებობს. ისევ გავზრდით დაფინანსებას და ახლა 400 და 500 ლარი დაგვიჯდება ბავშვის შენახვა. ისე, ეს ფული თავად ოჯახებს რომ დავურიგოთ, საერთოდ აღარ დაგვჭირდება ბაღები და ზედმეტი ენერგიის ხარჯვა: თითო ბავშვზე მომვლელის დაქირავება გორში თვეში 150-200 ლარი ღირს.

ახლა ისევ ის მავანნი მეტყვიან: ქალაქში შეიძლება იყოს კონკურენცია, მაგრამ სოფლებს რა ვუყოთო? რაზეც ასევე ნიშნის მოგებითა და კითხვით ვუპასუხებდი: თქვენი აზრით, ერთი ბავშვის მოვლაში 100 ლარი რომ გადაიხადო (რაც დღევანდელ დანახარჯებზე 3-ჯერ ნაკლებია), რამდენ ადამიანს იპოვით თითო სოფელში, რომ 5-6 ბავშვზე გათვლილი მცირე საბავშვო ბაღი მოაწყოს? ჩემი აზრით, ამის მსურველი ძალიან ბევრი იქნება.

ჩემი ანგარიშით, რომელიც საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა, გორის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 6500 სკოლამდელი ასაკის ბავშვია. არსებული საბიუჯეტო სახსრებით თითოეულ ბავშვზე შესაძლებელია 100 ლარის გამოყოფა, რაც, შემოთავაზებული ვაუჩერული სისტემის გამოყენებით, სრულად დაფარავდა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი ასაკის ბავშვის საჭიროებებს.

გული აღარ გავიხეთქე და კულტურისა და სპორტის ანგარიში აღარ დავიწყე, რადგან დარწმუნებული ვარ, აქაც იგივე სიტუაციაა.

ასე რომ, სურვილის შემთხვევაში, გამოსავალი არსებობს. იგი სწრაფიცაა, იაფიც, გამოცდილიც და ეფექტიანიც და მხოლოდ სურვილი და პოლიტიკური ნებაა საჭირო მის განსახორციელებლად. უბრალოდ, საარჩევნო ადმინისტრაციული რესურსის შემცირებას გამოიწვევს და მეტს არაფერს. თუმცა, როგორ არაფერს: ისე ადვილად ვეღარ მოხდება კერძო სტრუქტურის თანამშრომლების დარაზმვა სხვადასხვა ღონისძიებებზე, როგორც არსებული სტრუქტურის პირობებშია შესაძლებელი. ისე, მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, მაინცდამაინც ამ რესურსს არ დავეყრდნობოდი: ეს ხალხი გულმხურვალედ უჭერდა მხარს კომპარტიასაც, ზვიადსაც, ედუარდსაც, მიშასაც, ბიძინასაც და ალბათ, შემდეგ ლიდერსაც ისევე უერთგულებს. რა თქმა უნდა, მე ამ ადამიანებთან პრეტენზია არ მაქვს: ყველას სჭირდება ოჯახის შენახვა და შემოსავალი. ვთვლი, რომ ეს ხალხიც არსებული სისტემის მძევლები არიან.