ვანის სოფელ შუამთაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

686

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელში არსებული ბაღის შენობა არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს, მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა და ვერ ხერხდებოდა ბავშვებისთვის სათანადო პირობების დაცვა, რის გამოც ახალი ბაღის აშენება გადაწყვიტეს.

ბაღის მშენებლობა გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, ამ დროისთვის კი სოფელ შუამთაში საბავშვო ბაღის ორსართულიან შენობაზე ჩასმულია კარ-ფანჯარა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები, მონტაჟდება ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა .

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ი/მ „ბესიკ სოლომონიძე“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 148 496 ლარია გამოყოფილი.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 10 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

“აღნიშნული შენობა 120 აღსაზრდელზეა გათვლილი, უკვე შეძენილია შენობის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი, სასწავლო პროცესი ახალ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება”,- აცხადებენ მერიაში.