ისნის რაიონში 12 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა

652

12 ავტოფარეხის დემონტაჟი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ განხორციელდა.

გამგეობა აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურას აწესრიგებს და საჯარო სკოლასთან მისასვლელ 120 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკს აწყობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1 300 მ2 ფართობზე ასფალტის საფარის დაგება, რომლისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.

გამგეობის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება და განახლდება.

„სამაგალითოა ყველა ის მოსახლე, რომელიც მერის ინიციატივას გამოეხმაურა და დღეს, ძველი ავტოფარეხები უკვე არაერთ მისამართზე დავშალეთ. როგორც მოსახლეობას შევპირდით, ინფრასტრუქტურას მთლიანად ვაწესრიგებთ. ახალ საფეხმავლო ბილიკსაც ვაწყობთ, რაც გადაადგილებას ბევრად უფრო მოსახერხებელს გახდის“, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

“ისნის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით, ტერიტორიაზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გამწვანების ზოლის სხვლა-ფორმირებაც ჩატარდა, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის ტერიტორიის ირგვლივ ღობის მოწყობას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.