თბილისში 20 ათასამდე გამხმარი ფიჭვის ხე მოიჭრება

1599

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით 20 ათასამდე გამხმარი ფიჭვის ხის მოჭრას გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, მოსაჭრელად მონიშნული ხეების ნაწილი კერძო პირების ტერიტორიაზეა და აღნიშნულის გამო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ხე–მცენარეების ჩანაცვლების პროცესში გარკვეული მონაწილეობა მათაც მიიღონ.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში დედაქალაქის მერია 20 ათასამდე ხის მოჭრისა და ახლით ჩანაცვლების სამუშაოებს გაითვალისწინებს.

“ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს და მომავალი წლის ბიუჯეტის შემუშვების პროცესში გავითვალისწინებთ როგორც მოჭრის, ასევე ჩანაცვლების სამუშაოებს. არ გვინდა, მოვჭრათ და გარკვეული ტერიტორიები ღია სივრცედ დარჩეს. გვინდა, რომ მოჭრის შემდეგ მოხდეს ახლო პერიოდშივე მათი ჩანაცვლება“, – განაცხადა საქალაქო სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, თბილისში ტყის მასივების ინვენტარიზაცია დაიწყეს და ეს პროცესი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

“ასევე უნდა ჩატარდეს სრული ინვენტარიზაცია ურბანულ სივრცეში არსებული გამწვანების, რომელიც ბოლოს თბილისში 1986 წელს ჩატარდა. გვაქვს უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკება, მონაწილეობა მიიღონ ამ ინვენტარიზაციის პროცესში. ეს ინვენტარიზაციაც 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.