თბილისის ბიუჯეტი კიდევ 10 მილიონი ლარით იზრდება

1027

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ერთ-ერთ საკითხად თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ეს თანხა არის კაპიტალური ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან, კერძოდ, რეგიონების განვითარების ფონდიდან, რომელიც მთლიანად დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებას, საგზაო სამუშაოებს მოხმარდება. ასევე აღნიშნულ თანხებს დაემატება 2,5 მლნ ლარი, რომელიც სხვადასხვა პროგრამებიდან მიღებულ სატენდერო ეკონომიებს წარმოადგენს.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, აღნიშნული თანხებით გათვალისწინებულია 3 მილიონ ლარამდე კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის, ეკოლოგიური მიმართულებით ბოტანიკური ბაღისთვის დაფინანსება 100 000 ლარით გაიზრდება და სხვა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, ცვლილებებია ასევე კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად. ზარქუამ ოპოზიცია ცრუ ბრალდებებისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა.

„ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებმაც ვერ შეძლეს ქალაქიდან გასვლა და მათთვის კულტურული ღონისძიება, განტვირთვის საღამო მოეწყობა. ეს არის ყველასთვის და ჩვენ ამისთვის ფულს მომავალშიც დავხარჯავთ. ვინც ქალაქიდან გასვლას და დასვენებას ვერ ახერხებს, გარკვეული ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო, ვცდილობთ, მათ ზაფხულში ცხოვრება გავუადვილოთ და კომფორტი შევუქმნათ. ვისაც პრეტენზია აქვს, შეუძლია საჯაროდ განაცხადოს და მოსახლეობას უთხრას, რომ თქვენ არ გეკუთვნით ასეთი საღამოს ორგანიზება და დასწრება“, – განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას არ დაუკონკრეტებია, რა ღონისძიებების მოწყობაზეა საუბარი და პროგრამის მოცულობა.

თბილისის ბიუჯეტი ცვლილებების განხორციელების შემდეგ 916 მილიონ 863 ათასი ლარი იქნება. ბიუჯეტში ბოლო ცვლილება აპრილში შევიდა. მაშინ ტენდერების გზით გამოთავისუფლებული 5 300 000 ლარი სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდა.