თბილისის ახლად აშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავეჯის, სამზარეულოს ტექნიკისა და სხვა სტანდარტული ინვენტარის შეტანა დაიწყო.
თბილისის მერიის ცნობით, 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, დასრულდება ახალი ბაღების კადრების შერჩევა-დაკომპლექტებაც, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს კონკურსი.
“ჩვენ ახალი სააღმზრდელო წლისათვის აქტიურ სამზადისში ვართ, მიმდინარეობს როგორც ბაგა-ბაღების აღჭურვა და ინვენტარის შეტანა, ისე კადრების შერჩევა იმისათვის, რომ დამატებით რამდენიმე ათას ბავშვს შევუქმნათ კომფორტული, კეთილმოწყობილი და კეთილგანწყობილი გარემო ბაღებში. თბილისის ექვს რაიონში გაიხსნება ახალი ბაღები, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას,“ – აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.
მისივე განცხადებით, ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება და თბილისში კიდევ 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება.
გვანცელაძის ცნობით, ახალი სააღმზრდელო წლისთვის დედაქალაქში 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ორ მოქმედ ბაგა-ბაღს კი ახალი კორპუსები შეემატება.