საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება. როგორც გაბუნია აღნიშნავს, პრემიერმა რეგიონებში მართვის ეფექტიანობის ზრდის საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მთავრობას რეგიონული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში, რადგან ჩვენი კომიტეტისთვის, რომელიც რეგიონული პოლიტიკის განმსაზღვრელია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რაც პრემიერმა გააკეთა მართვის ეფექტიანობის ზრდის საკითხზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული მართვის მიმართულებით მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი სამსახური იქმნება, რომელსაც სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და ის მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავა. ამასთან, პრემიერმა ბრიფინგზე რამდენიმე გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებაც განაცხადა.