დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ბათუმის მერიას მიმართავენ. მათი თქმით, ღამით კაფეებიდან გამომავალი ხმაურის გადაჭარბების გამო წუხდებიან. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მაღალი მუსიკის შედეგად კი, როგორც თავად ამბობენ, ტერიტორიაზე ტურისტები ბინას აღარ ქირაობენ, რაც მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახა. ობიექტების მეპატრონეებს პრეტენზიებით მიმართეს, თუმცა მათგან ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ აღნიშნული ქუჩიდან დარღვევის შესახებ შეტყობინება არ შესულა. უწყების წამომადგენლები დუმბაძის ქუჩაზე არსებული ვითარების შესწავლას დღეიდან დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები აკონტროლებენ.