ხვალ თელავში მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმას განიხილავენ

1153

26 ივლისს, 13:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, საინფორმაციო სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არსამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმას განიხილავენ.

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნას და მოქალაქეთა დასაქმებას. ორგანიზაციის ცნობით, ამ საკითხებზე მსჯელობა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მნიშვნელოვანია.

“თვითმმართველობის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციებს მოისმენენ. შეხვედრას გაუძღვებიან თელავის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი თავბერიძე”,- განაცხადეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

თელავის მერია 2017 წლის დეკემბრიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გეგმის როგორც შემუშავების, ასევე განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობა.