გორის მერიამ 5 მიუსაფარი ოჯახი სოციალურ საცხოვრისში გადაიყვანა

768

გორის მერიამ 5 მიუსაფარი ოჯახი სოციალურ საცხოვრისში გადაიყვანა. გორის მერიამ აღნიშნულ ოჯახებს ორწლიანი ხელშეკრულებები გაუფორმა და ბინების გასაღებები გადასცა.

გორის მერიის ცნობით, ახალმოსახლე ოჯახები სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 5 ოჯახში სულ 19 სულია, მათ შორის, 10 მცირეწლოვანი ბავშვი და ისინი დღემდე ქირით ან მიტოვებულ შენობებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.

ეს ოჯახები გორის მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეარჩია, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გორის მერიის წარმომადგენლებით.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საცხოვრისი 2010 წელს შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. საცხოვრისში 14 ოჯახი ცხოვრობს. მათგან ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა 5 ოჯახმა საცხოვრისი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ისინი ბინებით დააკმაყოფილა. გამოთავისუფლებული ოთახები კი გორის მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაუთმო.