საქართველოს პრეზიდენტი თვითმმართველობის რეფორმას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უფრო ლოგიკური იქნება, თუ ხალხი და თვითმმართველობა ერთმანეთს მჭიდროდ მიებმება.
“დღეს თურმე ჩვენ წინაშე დგება საკითხი – თვითმმართველობა ცუდია თუ კარგია. შეუმცდარი არავინაა. როდესაც შენ ცენტრიდან მართავ, ვერც გაგიბედავენ გითხრან რომ შეცდომა დაუშვი. მაგ დროს ხდება ხოლმე, არასწორად ხიდს რომ აფეთქებენ, რომელიც თურმე ასაშენებელი კი არა, შარშან აშენებულია. თბილისიდან ვერ დაინახავ, ხიდი მუშაობს თუ არა. ლოგიკური არ იქნება, უფრო მჭიდროდ მივაბათ ერთმანეთს თვითმმართველობა და ხალხი? თუ სოფელში გასაყვანია გზა, ეს ადგილობრივებს არ უნდა ვკითხოთ? უმაღლეს მათემატიკაზე ვსაუბრობ ახლა? რატომ ვშლით თვითმმართველობას? იმიტომ, რომ ნაკლები დაგვიჯდება? არა, უფრო მეტი დაგვიჯდება”, – განაცხადა მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.
22 არასამთავრობო ორგანიზაცია 14 მუნიციპალიტეტის, მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს აკრიტიკებს. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, დანიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი და ამბობენ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა ინიციატივის განხორციელებამ, სულ ცოტა, 2022 წლამდე გადაიწიოს.
წყარო: იმედინიუსი