ქალაქის საკრებულოს კომისიამ მხარი დაუჭირა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხის განხილვას

1322

სამთავრობო კომისიის წერილის განხილვას ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო კომისიის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საკითხი თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას შეეხებოდა, რაც ოპოზიციის და შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კრიტიკის საგნად იქცა. სხდომა  დამთავრებამდე დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ იმ საბაბით, რომ აღნიშნულ „ფარსში“ მონაწილეობას არ მიიღებდა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელ ციცინო შენგელიას და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კარლო ღადუას შორისაც. საბოლოოდ, კომისიამ, რომელიც ორი კაცით იყო დღეს ანა წითლიძის პროტესტის შემდეგ წარმოდგენილი, მხარი დაუჭირა საკითხის საკრებულოს მთავარ სხდომაზე განსახილველად გატანას. კომისიის კიდევ ერთი წევრი გიორგი თოდუა შეხვედრაზე არ ყოფილა. ის თბილისში იმყოფება.

სხდომის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ განმარტა, რომ სამთავრობო წერილს თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტაცია, მათი მიზანი კი მხოლოდ პროცედურულ ხასიათს ატარებს. კერძოდ დაადგინონ, რამდენად სრულყოფილია ეს დოკუმენტები და ზოგადად, არის თუ არა სამართლებრივად საკითხი მზად საკრებულოს სხდომაზე გასატანად. ერთ-ერთი კომპონენტი ამ წერილის არის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტი. აქ მითითებულია მხოლოდ „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ მიერ 4 მაისს ორგანიზებული შეხვედრა, სადაც მედიის დასწრება გათვალისწინებული არ ყოფილა, არც მოსახლეობის. მასზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წამომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, კახა რუსია, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ამ პუნქტს არ დაეთანხმდნენ შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ციცინო შენგელიას თქმით, საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან არ შემდგარა, ამიტომ ამ დოკუმენტის თანდართვა წერილისთვის არ შეიძლება.

„ამ თემასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კონსულტაციები და ღია შეხვედრები არ ჩატარებულა. შესაბამისად, არ არის მოსმენილი და არგუმენტირებულად მიღებული ის მოსაზრება, რომ მოსახლეობამ მიიღო ამის შესახებ ინფორმაცია, ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები. მიგვაჩნია, რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ უნდა გავიდეს და ამისთვის კიდევ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი“.

ციცინო შენგელიას თქმით, როგორც რიგით ზუგდიდელს აქვს განცდა, რომ მისი არჩეული ადამიანები, ვისაც ქალაქის მართვა ანდო, დღეს იმედს უცრუებენ, რადგან ამ გადაწყვეტილებით ისინი ეუბნებიან, რომ “მარიონეტები არიან ვიღაცის ხელში”. არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სიტყვებმა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კარლო ღადუა გააღიზიანა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამაც. მისი თქმით, დოკუმენტი არასრულყოფილია, რადგან თან არ ერთვის მოსახლეობასთან კონსულტაციის შეხვედრის გამართვის ამსახველი დოკუმენტაცია.

„თვითმმართველობის კოდექსი ამბობს ერთ რამეს, როცა ხდება მუნიციპალიტეტების დაყოფა ან გაერთიანება, აუცილებელია კონსულტაცია გაიმართოს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჯერ ამ ტიპის კონსულტაცია მოსახლეობასთან არ გამართულა და როგორც პირი უჩანს, არც აპირებენ. არადა, სწორედ მოსახლეობა, ამომრჩევლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებას აძლევენ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას“, – განმარტა მან.

„ლაივპრესის“ კითხვის პასუხად, ქონდა თუ არა კომისიას უფლება, უკან დაებრუნებინა დოკუმენტი, არჩილ თოდუა ამბობს, რომ კი. მისივე თქმით, საკრებულოსაც შეუძლია, ვიდრე საკითხზე იმსჯელებს, გავიდეს მოსახლეობაში და ჰკითხოს მათ, აქვთ თუ არა სურვილი, გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი და მოხდეს თვითმმართველი თემის და ქალაქის გაერთიანება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს არის „სამარცხვინო დოკუმენტი“, რომელიც დღეს კომისიამ წარმოადგინა. მან ურჩია შეხვედრის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიას, არ მიეღო და უკან დაებრუნებინა დოკუმენტი, რაც „ღირსეული ნაბიჯი“ იქნებოდა, თუმცა სარიამ განმარტა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წერილი საკრებულოს სხდომაზე მაინც გავა, რასაც რეგლამენტი და კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„უმრავლესობის წევრებმა თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გამოიტანეს ეს საკითხი, რადგან იყვნენ სუსი-ს და კონკრეტულად გუბერნატორის ზეწოლის ქვეშ. ისინი დაიბარეს რამდენიმე დღის წინ და უთხრეს, თუ არ გაიტანდნენ ამ საკითხს და არ დაუჭერდნენ მხარს საკრებულოზე, შეექმნებოდათ პრობლემები. „ქართული ოცნება“ დღეს ზუგდიდს ართმევს განვითარების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ანა წითლიძემ და მოუწოდა მოსახლეობას, მოვიდნენ საკრებულოს იმ სხდომაზე, სადაც თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხს განიხილავენ.

დეპუტატის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში. განმარტავენ, რომ მსგავსი შეხვედრა, რაზეც ენმ-ის წარმომადგენელი საუბრობს, არ ყოფილა.

„არც გუბენატორს დაუბარებია კომისიის წევრები. შესაბამისად, ეს განცხადება სრული სიცრუეა. შეგიძლიათ კითხოთ ამ და სხვა კომისიის წევრებს, ოდესმე თუ გამართულა მსგავსი შეხვედრა გუბერნატორთან? – პასუხი იქნება უარყოფითი, რადგან მსგავსი დაბარებების და ზეწოლის დრო დასრულდა“, – უთხრა „ლაივპრესს“ გუბერნატორის პრესსამსახურმა პაატა ლაგვილავამ.

თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ განმარტა, რომ წერილის განხილვა მოქმედი რეგლამენტის საფუძველზე მოხდა, რაც აუცილებელ პროცედურას წარმოადგენდა.

„ეს პროცედურა ეხება სამართლებრივ საკითხს, თუ რამდენად არის შემოსული ის სრულყოფილად, თანდართული დოკუმენტაცია თუ არის სრულყოფილი სახით წარმოდგენილი, თუ აკლია რამე დოკუმენტი და შესაბამისად კომისია მსჯელობს, რამდენად არის აღნიშნული საკითხი მომზადებული საკრებულოს მთავარ სხდომაზე განსახილველად. ის აუცილებელი დოკუმენტები, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ერთვის ამ წერილს, და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ საკითხის გატანა საკრებულოს სხდომაზე“, – განაცხადა ნუგზარ სარიამ.

მისი თქმით, სავარაუდოდ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირაში გაიტანენ, სადაც დეპუტატების მოსაზრებებს მოისმენენ. მოსახლეობასთან შეხვედრებს კი ისინი არ გამართავენ, რადგან ინიციატივა სამთავრობო კომისიას ეკუთვნის.