საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომლის მოსმენაც პარლამენტში იმართება, ქვეყანაში არსებულ სკოლებში არასათანადო ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; 2017 წელს 94 სკოლას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა, ხოლო უმეტესობას არ აქვს სასმელი წყალი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ოთხი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი. საქართველოს პარლამენტს კვლავ არ მოუხდენია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ესარგებლათ გაეროს შესაბამისი კომიტეტისადმი უფლებადარღვევის ფაქტებზე ინდივიდუალური მიმართვის მექანიზმით.
პრობლემად რჩება შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, მისაწვდომობის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი. 2017 წელს 3.535 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დარეგისტრირდა სამუშაოს ძიების მიზნით, თუმცა მათგან მხოლოდ 161 დასაქმდა. საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. კერძო სექტორში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2017 წელს მხოლოდ 101 დასაქმდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უცნობია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა რაოდენობა და მათი საჭიროებები. სკოლამდელ აღზრდაში და ზოგად განათლებაში ჩართულ ბავშვთა სტატისტიკა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მონაცემებს ასახავს, რომელიც არ არის სეგრეგირებული და რთულია ითქვას რამდენი მათგანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ანდა რა ფორმის შეზღუდვის მქონეა“ – თქვა ომბუდსმენმა.