გორის საკრებულოს დადგენილება მიტოვებული პირუტყვის შესახებ, მთავრობამ შეაჩერა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“არ გვაქვს არც პირუტყვთა სადგომი და არც მანქანა, ამიტომ ჩვენ მიერ მიღებული დადგენილება შეჩერებულია“, – საკრებულოს თავჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ შინაური ცხოველების მოვლის წესზე მიღებული დადგენილება გაუთვალისწინებელი ხარვეზების გამო შეაჩერეს.
დადგენილება, რომელიც საკრებულომ მიმდინარე წლის მაისში მიიღო, ქუჩაში უმეთვალყურეოდ მიტოვებული საქონლის მეპატრონის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
“ეს იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქალაქების უმეტესობამ მიიღო, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ეს დადგენილება ჩავარდა, იმიტომ, რომ მასში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტი ეხებოდა უპატრონოდ გამოშვებული მსხვილფეხა პირუტყვის დაპატიმრებას და სადგომზე გადაყვანას. ჩვენ კი, ამისთვის არც სადგომი გვაქვს და არც სპეციალური მანქანა. ამიტომ დაბლოკა ზედამხედველობის სამსახურმა. ეგ ფუნქცია ევროპულ დონეზეა გათვლილი. მერიამ არ იფიქრა, რომ ეს პრობლემად ჩაითვლებოდა, მაგრამ ზედამხედველობამ ჩაუთვალა“,- ამბობს დავით რაზმაძე.