არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველ ერთეულთა გაერთიანების წინააღმდეგ

780

გორში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას. დღეს 15-მა ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სათემო საკრებულოების წევრებს მიმართა და მოუწოდა მხარი არ დაუჭირონ თვითმმართველ ერთეულთა შერწყმის საკითხს. საქართველოს მთავრობა კი ჩქარობს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე მოამზადა და საკრებულოებს განსახილველად გაუგზავნა 7 თვითმმართველი ქალაქისა და 7 სათემო მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანების შესახებ წინადადებები. მიმართვის ტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პირდაპირი წესით ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, უპირველესად, სწორედ საკუთარი ხალხის მიმართაა ანგარიშვალდებული და არა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რომლის რამდენიმე წევრის პერსონალურ ინიციატივასაც წარმოადგენს აღნიშნული ცვლილებების პროექტი. მესამე სექტორის წარმომადგენლები სათემო მუნიციპალიტეტისა და ქალაქის საკრებულოს წევრებს მოუწოდებენ, გამართონ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება და არა პარტიული დირექტივების შესაბამისად. გორის „საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე აღნიშნავს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ქვეყნის დეცენტრალიზაციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ახალი ინიციატივის შესახებ ბევრი არაფერი იციან არც გორელებმა და არც სოფლად მცხოვრებმა მოქალაქეებმა. მხოლოდ ის გაუგიათ, რომ გამგებლის თანამდებობა უქმდება და გაერთიანებულ მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება.

სამიოდე კვირის წინ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი, აღნიშნულ ინიციატივას დემოკრატიისგან უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევდა, ახლა კი პოზიცია შეცვლილი აქვს და აცხადებს, რომ ნაკლებად არის ინფორმირებული.

საკითხის საჯარო განხილვა და მოსახლეობასთან შეხვედრა ვეღარ მოესწრება. საკრებულოებში პარასკევს რიგგარეშე სხდომები დაინიშნა. სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას მმართველი პარტიის წევრები წარმოადგენენ და მთავრობის ინიციატივას მხარს დაუჭერენ. განსხვავებული ვითარებაა ქალაქის საკრებულოში, სადაც ოპოზიციას საკუთარი არგუმენტები აქვს. უკვე ცნობილია, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, თამარ თედლიაშვილი, თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას მხარს არ დაუჭერს. ხვალინდელ სხდომაზე მისვლას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც აპირებენ.

თვითმმართველობის რეფორმა სამი წლის წინ დაიწყო, როცა საქართველოს 14 მუნიციპალიტეტი ორ ნაწილად გაიყო და შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები. ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებაც იყო, მაგრამ მმართველ პარტიაში ახლა აცხადებენ, რომ ამ მოდელმა არ გაამართლა და ისევ გაერთიანებაზე მიდიან. მესამე სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამ ყველაფერში წინასაარჩევნო მზადებას ხედავენ. მათი აზრით, ურბანულ ქალაქებში მმართველი პარტია არჩევნებს აგებს და ამ ხმების გადაფარვა სოფლად მცხოვრები ამომრჩევლების ხარჯზე უნდა.

წყარო: რადიო თავისუფლება