ექსპერტი კოტე კანდელაკი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის და დეცენტრალიზაციისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა აუცილებელია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მისი თქმით, ამ პროცესში სახელმწიფომ მხოლოდ კონტროლის მექანიზმი უნდა გამოიყენოს.
ექსპერტის აზრით, თუ მთავრობა გადაწყვეტს დამატებითი ფინანსების ან საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენას, ამ პროცესის პარალელურად აუცილებელია, სახელმწიფომ ფინანსების ხარჯვა გააკონტროლოს.
“დამოუკიდებლობა და მეტი ფინანსური სახსრები არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ გააკონტროლოს ეს პროცესი. ყველა ქვეყანაში საზედამხედველო ფუნქციას ითავსებს ცენტრალური ხელისუფლება და თუ კანონდარღვევა ან თანხების არამიზნობრივად გახარჯვა გამოვლინდება, მაშინ ერთვებიან ძალოვანი სტრუქტურები. ვფიქრობ, ცენტრალურმა მთავრობამ მეტი ფინანსები უნდა მისცეს თვითმმართველობას და უნდა გასცეს არა მითითებები, როგორ უნდა დახარჯოს მუნიციპალიტეტმა ფინანსები, არამედ იყოს თანამშრომლობა, კონსულტაციები და ზედამხედველობა, რომ ვინმემ კანონი არ დაარღვიოს“, – განაცხადა კანდელაკმა.