სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატს ახალი უფროსი ჰყავს

714

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აპარატის უფროსად არჩილ ღაღანიძე ინიშნება. იგი საჯარო მოხელეებისთვის გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე  ავრცელებს.

არჩილ ღაღანიძე თელავიდანაა. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა როგორც თავად ამბობს, 2010 წლიდან დღემდე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს.

„სკოლა თელავში დავამთავრე, მერე უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩავაბარე, თუმცა, მუშაობა 13 წლიდან დავიწყე, მაშინ თელავის გამგეობაში აიტი ვიყავი. ამჟამად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ვარ, ასევე ვკითხულობ ლექციებს ამ მიმართულებით“, – ამბობს ღაღანიძე.

მისი თქმით, რეგიონში გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესდა, განაცხადი შეიტანა და კონკურსში გაიმარჯვა კიდეც. შეკითხვაზე, რამდენად იცნობს რეგიონს, გვპასუხობს: „ბევრ რეგიონთან მქონია შეხება და ვიცნობ“.

არჩილ ღაღანიძის დანიშვნის შესახებ ბრძანება მომავალ კვირაში დაიწერება.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია აპარატის უფროსის პოზიციასთან ერთად კონკურსს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზეც აცხადებდა, თუმცა ვერავინ შეარჩია.

ამ დროისთვის სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტური ოთხი ადგილია: გუბერნატორის პირველი მოადგილის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის, ამავე სამსახურში სპეციალისტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში ასევე სპეციალისტის.