ორი დღის წინ გაირკვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შეიქმნება. ამის შესახებ პირველად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობის კანდიდატმა, სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა. მისი განმარტებით, დეპარტამენტის შექმნის მიზანი ისაა, რომ “მთავრობის კანცელარიიდან ის გზავნილები, რომელიც არის და ის პროდუქტები, რომელიც შექმნილია, დავალებებისა თუ სხვა ფორმით, უფრო სწრაფად მივიდეს ადრესატამდე და ამაზე, ასევე, განხორციელდეს მკაცრი კონტროლი, რათა ბიუროკრატიაში არ დაიკარგოს ის ეფექტი და ის სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა”.
ჯერჯერობით, ეს არის ის მოკლე ცნობა, რაც ამ დეპარტამენტთან დაკავშირებით ოფიციალურად გავრცელდა. მეორე ოფიციალური ინფორმაცია კი, რომელიც, ფაქტობრივად, ამავე საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ისაა, რომ 16 ივლისს ქვეყნის ახალმა პრემიერმინისტრმა თავის მრჩევლად რეგიონული განვითარების საკითხებში დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში droa.ge-ს დაუდასტურეს, რომ ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შემდეგ სუბარი სწორედ ამ დეპარტამენტის უფროსად გადანაცვლებს.
მესამე ამბავზე კი, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს. საქმე ის არის, რომ 2013-2016 წლებში ამგვარი დეპარტამენტი – რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან
ურთიერთობების დეპარტამენტი მთავრობის კანცელარიაში არსებობდა, ის, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გააუქმეს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ დეპარტამენტის ბოლო უფროსი ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრად გაამწესა.
რატომ დადგა დღის წესრიგში ამ დეპარტამენტის პრემიერის დაქვემდებარებაში აღდგენის აუცილებლობა – სწორედ ესაა ის კითხვა, რომელზეც ამ დროისთვის არავის უპასუხია. ერთადერთი, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში droa.ge-ს უთხრეს, ისაა, რომ თავის დროზე ახლანდელი პრემიერი ბახტაძე დეპარტამენტის გაუქმების წინააღმდეგი იყო, თუმცა, მაშინ ბახტაძე ჯერ კიდევ რკინიგზის დეპარტამენტის უფროსი იყო და წესით, მთავრობაში მიმდინარე საკითხებით დაინტერესებული არ უნდა ყოფილიყო.
2013 წელს, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციას ახორციელებდა. ის, ასევე, უწევდა სამართლებრივ ზედამხედველობას თვითმმართველობების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს. რაც მთავარია, ეს დეპატრამენტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, რომელიც 2014 წელს თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებით დასრულდა და რომლის საფუძველზეც თვითმმართველობებს უფლებამოსილებები გაეზრდათ, ახალი თვითმმართველი ქალაქები შეიქმნა და მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა კანონმდებლობით განისაზღვრა.
უკვე მოგვიანებით, ღარიბაშვილის პრემიერობისას, საიდანაც, პრაქტიკულად, დაიწყო თვითმმართველობის რეფორმის შეჩერება, დეპარტამენტს ახალი ფუნქციები გაუჩნდა: 1. გუბერნატორ-რწმუნებულების კოორდინაცია და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფორმალური თუ არაფორმალური ზედამხედველობა, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური პროექტების შესრულებაზე ზედამხედველობა ცალსახად ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმე იყო. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დეპარტამენტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის კონფლიქტი, რომელიც, მართალია, საჯარო არასდროს გამხდარა, მაგრამ მაშინდელი მთავრობის შიგნით ამას ყველა ცალსახად ხედავდა.
უფრო მოგვიანებით, კი, პრემიერად კვირიკაშვილის დანიშვნის შემდეგ, როდესაც თვითმმართველობის რეფორმა საბოლოოდ გაჩერდა, ეს დეპარტამენტი საერთოდ გააუქმეს და მის უკანასკნელ უფროსთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაამისამართეს – ალავიძე – მინისტრად, პრემიერის ქვემდებარე დეპარტამენტი კი – სამინისტროს ამავე სახელწოდების დეპარტამენტად.
რა უფლებებს მიანიჭებს ახალი პრემიერი დეპარტამენტს, რომელსაც სოზარ სუბარმა უნდა უხელმძღვანელოს? ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ჯერ-ჯერობით, არ იციან, ჩამოშორდებათ თუ არა მათ რაიმე უფლებამოსილება, რომელიც ამ დეპარტამენტს გადაეცემა. ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყებაზეც ილაპარაკა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, სწორედ სამინისტრო იქნება ამ პროცესის ლოკომოტივი, თუ, რა თქმა უნდა, მრავალწლიანი დაპირების შემდეგ, პროცესი საერთოდ დაიძვრება.
ერთადერთი საკითხი, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე გარკვეულია, ისაა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებზე სამართლებრივ ზედამხედველობას კვლავ ეს დეპარტამენტი ჩაიბარებს, ვინაიდან, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივ ზედამხედველობას პრემიერ-მინისტრი (ანუ მისი ადმინისტრაცია) ახორცელებს. ამ დრომდე ეს უფლებამოსილება მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს აქვს.
მესამე საკითხი, რასაც, დღესდღეობით, სამინისტრო აკოორდინირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის უფლებამოსილებებში არ შედის, რწმუნებულ-გუბერნატორებთან ურთირთობაა. რწმუნებულ-გუბერნატორებს, დებულების თანახმად, თანამდებობაზე საქართველოს მთავრობა ნიშნავს და ათავისუფლებს. და რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, დღემდე მათი შერჩევისა და წარდგენის პროცედურას კოორდინაციას საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი უწევს, ანუ დეპარტამენტი, რომელიც 2 წელია, აღარ არსებობს.
სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში რეინკარნირებული დეპარტამენტის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაც – სახელმწიფო რწმუნებულებთან ურთიერთობა. ცოტა ხნის წინ პრემიერმა ბახტაძემ უკვე თქვა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტს ცვლილებები სჭირდება.
“ამ ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშავოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. თქვენ იცით ჩემი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის, საკადრო ნაწილში”, – განაცხადა ბახტაძემ.
ჯერ-ჯერობით მთავრობის ადმინისტრაციაში ვერ აკონკრეტებენ, რას აპირებს ამ მიმართულებით ახალი პრემიერი და ვარაუდობენ, რომ ამ საკითხზე ის მიმდინარე კვირის ბოლოს ისაუბრებს. შესაბამისად, წესით, სწორედ ამ დროს უნდა გაირკვეს, ზუსტად რა უფლებამოსილებას მიანიჭებს ახალ დეპარტამენტს და რას ელის ის სოზარ სუბარისგან.
ფაქტი ერთია, პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფ დეპარტამენტსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შორის ფუნქციები მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს. თუ ეს არ მოხდა და ამ ორ უწყებას რომელიმე საკითხში დუბლირებული უფლებამოსილებები ექნება, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება, მით უფრო, რომ ამის მაგალითი სულ რაღაც 2-3 წლის წინ უკვე გვქონდა. დღეისათვის პრემიერი ბახტაძეც, მინისტრი ცქიტიშვილიც და დეპარტამენტის მომავალი უფროსი სუბარიც პარტიის თავმჯდომარის, ივანიშვილის უმთავრეს დასაყრდენებს წარმოადგენენ, ამიტომაც მათ შორის კონფლიქტის გაჩენამ, შესაძლოა, მთელს სამთავრობო გუნდზე, ამჯერად, ძალიან ნეგატიურად იმოქმედოს.
მაგრამ, თუ მათ შორის უფლებამოსილებები მკაფიოდ გაიმიჯნება და ამ ორი ცენტრალიზებული უწყების უფლებამოსილება ცენტრიდან რეგიონებში “დავალებების ოპერატიულად ჩატანის” ამბიციასაც გასცდება, მაშინ, შესაძლოა, კოორდინირებული საქმიანობით უფრო მეტი ეფექტი მივიღოთ, მათ შორის, თვითმმართველობის დაპაუზებული რეფორმის მიმართულებითაც, რომლის შესახებაც, მთავრობის 2018-2020 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების მიუხედავად, ახალ პრემიერს, ჯერ-ჯერობით, სიტყვაც არ უთქვამს.