გორში სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ კვლევა დასრულდა

1363

გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის სპეციალისტებმა საჯარო სკოლების შემოწმება დაასრულეს და მონაცემები განათლების სამინისტროს გადაუგზავნეს. ამის შესახებ განათლების რესურსცენტის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა თქვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გორის სკოლებში კვლევა 5 მარტს დაიწყო.კვლევის მიზანი სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ზოგადი სურათის შექმნა იყო: “მასალები განათლების სამინისტროს უკვე გადავუგზავნეთ და საბოლოო დასკვნას ველოდებით,” – თქვა ნანა ტერმაკოზაშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა.

კვლევის პროცესში შემდეგი ინფორმაცია შეაგროვდა: გარემო პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ფინანსური საქმიანობის შესახებ.

“მუნიციპალიტეტის მასშტაბით არის სკოლები, სადაც საუკეთესო პირობებია, განსაკუთრებით, ეს ეხება ახლადაშენებულ 12 სკოლას. ამ სკოლებს უკვე მიემატა თორტიზის სკოლა. პრობლემები რჩება რამდენიმე სკოლაში, მაგალითად, ქერეში, რომელიც მოძველებულია. ექსპერტიზის დასკვნით, სკოლა დემონტაჟს არ საჭიროებს და ის რეაბილიტაციის გეგმაშია. პრობლემები აქვს ფლავის სკოლას. ქვეშის სკოლა კი, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, გარემონტდება”, – თქვა ტერმაკოზაშვილი. ეს ის სკოლებია, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, ყურადღებას მე-11 სკოლა და მე-6 სკოლები საჭიროებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიც წერდა, რომ სარეაბილიტაციო ნუსხაში მე-6 სკოლის სპორტული დარბაზი შეყვანილია.