ექსპერტები: საშემოსავლო გადასახადის ცენტრალურ ბიუჯეტში ასახვა თვითმმართველობის განვითარებას აფერხებს

1231

დაახლოებით 8 წელია, რაც საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში აღარ რჩება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები ამ ფაქტს თვითმმართველობის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ. ექსპრეტი კოტე კანდელაკი ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა დეცენტრალიზაციის პროცესზე დადებითად აისახება. მისი თქმით, თვითმმართველობების გაძლიერება კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული რეკომენდაციები კი მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.

“გასულ წლებში საუბარი იყო, რომ საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი უნდა დარჩენოდა მუნიციპალიტეტს, თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება. დღეისთვის მუნიციპალიტეტს საშემოსავლო გადასახადის მცირე პროცენტი რჩება. მთავრობამ დეცენტრალიზაციის ახალი ხედვა წარმოადგინა და ველოდებით ამ კუთხით დამუშავებულ დოკუმენტს, რომ გავიგოთ რას გეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებით. აუცილებელია მეტი თანხა დარჩეს ადგილზე თვითმმართველობას, რომ ამ კუთხით უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს’’,- განაცხადა კოტე კანდელაკმა.

მისი აზრით, თუ მთავრობა გადაწყვეტს საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხოს, ამ პროცესის პარალელურად აუცილებელია, სახელმწიფომ ფინანსების ხარჯვა გააკონტროლოს.

“დამოუკიდებლობა და მეტი ფინანსური სახსრები არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ გააკონტროლოს ეს პროცესი. ყველა ქვეყანაში საზედამხედველო ფუნქციას ითავსებს ცენტრალური ხელისუფლება და თუ კანონდარღვევა ან თანხების არამიზნობრივად გახარჯვა გამოვლინდება, მაშინ ერთვებიან ძალოვანი სტრუქტურები. ვფიქრობ, ცენტრალურმა მთავრობამ მეტი ფინანსები უნდა მისცეს თვითმმართველობას და უნდა გასცეს არა მითითებები, როგორ უნდა დახარჯოს მუნიციპალიტეტმა ფინანსები, არამედ იყოს თანამშრომლობა, კონსულტაციები და ზედამხედველობა, რომ ვინმემ კანონი არ დაარღვიოს“, – აღნიშნავს კანდელაკი.

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ 2007-2008 წლებიდან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად გადავიდა. მისი განმარტებით, ამ ფაქტის საკომპენსაციოდ აქტიურად გამოიყენება გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

“საშემოსავლო გადასახადი იყოფა ორ ნაწილად: მეწარმე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდა ხორციელდება გადამხდელების დეკლარირების საფუძველზე და საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდიან დამქირავებლები. პირველ კომპონენტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 2016 წლის პირველი იანვრიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სრულად ირიცხება მეწარმე ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი. ამავდროულად, დაწყებული იყო მუშაობა იმაზე, რომ მეორე კომპონენტიდანაც თანხების გარკვეული ნაწილი მიმართულიყო ადგილობრივ ბიუჯეტებში. სწორედ ეს ნაწილი არის მთლიანად საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვანი წილი (დაახლოებით 80% -მდე). ჩემი აზრით, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების ზრდა და ეს უკანასკნელი ლოგიკურ თანხვედრაში უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებთან. მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ უნდა გაიზარდოს მისი შემოსავლები, რათა არსებობდეს მოტივაცია უკეთესი და მეტი პროექტების განხორციელების’’,- აცხადებს შერგელაშვილი.

ფისკალური დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ დგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც. მათ თვითმმართველი ერთეულების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი, აკაკი კეკენაძე ფიქრობს, რომ თვითმმართველობებისთვის ფინანსების გაზრდის საკითხზე სახელმწიფომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივად უნდა იმუშავონ.

“ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, ვფიქრობ ამ მიმართულებით ჩამორჩენა გვაქვს, რადგან კანონმდებლობა ამ კუხით არ გვაქვს დახვეწილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა და ფიქრი დაიწყო და ამას ითვალისწინებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებაც. იმედი მაქვს სამომავლოდ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომ მივაღწევთ თვითმმართველობების სრულ დეცენტრალიზაცია. ფინანსები კი ეს არის საკითხი, რომელიც რეალურად დეცენტრალიზაციას სჭირდება. მის გარეშე მხოლოდ იქნება ქაღალდზე დაწერილი კანონი და არ იქნება ქმედითი. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი ხელისუფლების სწორი ინციატივები და პროგრამები, ასევე არასამთავრიბო სექტორის და ხელისუფლების მხარდაჭერა და დახმარება, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შემოსავლები გაიზარდოს და არ ვიყოთ მუდმივად დამოკიდებულები ცენტრალურ ხელისუფლებასა და ტრანსფერებზე’’,-ამბობს აკაკი კეკენაძე.