მაია ბითაძე: ტაქსების კოპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება

607

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვოდ საქმიანობა დაისჯება. მისი თქმით, უკვე 2019 წლის ბოლოდან ამოქმედდება ტაქსების ერთიან ვიზუალთან დაკავშირებული მოთხოვნები. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ტაქსების კოპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ძალაშია შესული და 1-ელი ნოემბრიდან უნებართვოდ საქმიანობა იქნება დასჯადი. ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირის ბოლოს საკრებულოში განსახილველად გავაგზავნით იმ დოკუმენტს, რომელიც ტაქსების კომპანიების, ბიზნესომბუდსმენის და შესაბამისი პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ტაქსების რეგულირების პირველ ეტაპს, რომელიც განებართვიანების მარტივ ფორმას შეეხება. დაახლოებით 50-დან 100 ლარამდე ეღირება ჰიბრიდულ და ჩვეულებრივ ავტომობილებზე ერთჯერადი ტაქსის ნებართვა, რომელიც მძღოლმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს. ასევე მძღოლის ვალდებულება იქნება, რომ ყვითელი მანიშნებელი ნიშანი განათავსოს მანქანის სახურავზე.
ოქტომბერში დაზუსტდება ის ინფორმაცია, თუ რა მოეთხოვებათ მძღოლებს 2019 წლის ბოლოდან. ვსაუბრობ ერთიან ვიზუალზე, ფერსა და მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე,”- განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიაში ტაქსების კომპანიებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 10 ივლისს გაიმართა. მაშინ საუბრეს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელთა დაკმაყოფილებაც მძღოლებს ტაქსით მომსახურების სერვისის ფარგლებში, პირველ და მეორე ეტაპზე მოუწევთ.