თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებსა და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მერიის ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეთა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელთა დაკმაყოფილებაც მძღოლებს ტაქსით მომსახურების სერვისის ფარგლებში, პირველ და მეორე ეტაპზე მოუწევთ.
კერძოდ, მაია ბითაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომანქანაზე ტაქსის ყვითელი მანიშნებლის განთავსება სავალდებულო იქნება. ნებართვის ასაღებად კი, ფიზიკურმა პირმა განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსოს.
„ნებართვის საფასური, მას შემდეგ, რაც საკრებულო დაამტკიცებს, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება. ადამიანებს, რომელთაც სურთ ნებართვა აიღონ, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ ორთვიანი წინასწარი ვადა ექნებათ, რომ შესაბამისი ნებართვა აიღონ. მისი მიღების შემდეგ კი, ნებართვა, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი, მუდმივად თან უნდა იქონიონ. ასევე, სავალდებულო იქნება მანქანის სახურავზე ტაქსის მანიშნებელი ყვითელი მანათობელი ნიშნის განთავსება. სხვა შემთხვევაში, მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მერიის ინფორმაციით, ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნები დაწესდება. კერძოდ, არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.
„მეორე ეტაპისთვის ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს მინიმალური მოთხოვნები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ დაიხვეწება და დამატებით გასაჯაროვდება. მეორე ეტაპისთვის საუბარი იქნება მანქანის ერთიან ვიზუალზე, ფერზე, რაც 2019 წლიდან შევა ძალაში. ასევე, გარკვეული მოთხოვნები იქნება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე და ავტომანქანებზე მათი კარების რაოდენობის მიხედვით“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
თბილისის მერიის ცნობით, დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად, მომავალ კვირას გადაეგზავნება. ნებართვის მისაღებად შექმნილი ელექტრონული პორტალი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მძღოლებს კი, მომსახურების მისაღებად თვენახევრიდან ორ თვემდე ვადა მიეცემათ.
მათივე ინფორმაციით, ელექტრონული პორტალის გარდა, მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას გამგეობებში სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლებიც გაუწევენ. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, შესაბამისი ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის მომსახურების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებლობას გამოიწვევს.