ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მიესალმება ცენტრალური ხელისუფლების დაანონსებულ „მცირე მთავრობის“ კონცეფციას. მისი თქმით, ზუგდიდის თვითმმართველობაშიც ადმინისტრაციული ხარჯები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. მამუკა წოწერია მიიჩნევს, რომ უნდ დაიდოს ზუსტი ანალიზი, თუ რამდენი ადამიანია საჭირო მუნიციპალური სერვისების მისაწოდებლად. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„მცირე მთავრობის“ კონცეფციას პირდაპირ ვეთანხმები და სწორიც არის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასაც აქვს ეს პრობლემა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები იმაზე მეტია, ვიდრე გვჭირდება. ამაზე რა თქმა უნდა ჩვენი მოსაზრებებიც გვაქვს და როდესაც ცენტრალური ხელისუფლება აანონსებს ამას, რა თქმა უნდა მივესალმებით. მოწოდებული ვართ იქეთკენ, რომ თუნდაც ა(ა)იპ-ები იქნება, თუ შპს-ები, ახლო ხანებში დაიდოს ანალიზი, თუ რამდენი პიროვნებაა საჭირო მუნიციპალიური სერვისების მიწოდებისთვის. უბრალოდ მართლა არის სოციალური და ადამიანური მომენტი, როდესაც კერძო ბიზნესი დასაქმებას იმდენად ვერ სთავაზობს მოსახლეობას, ასე ხელაღებით აიღო და უმუშევართა რიცხვს შეუერთო ის ადამიანები, ვინც დღეს სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე არიან“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მას ადმინისტრაციული რესურსების ეკონომიურ ხარჯვასთან და მთავრობის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით შეკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისიის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ დაუსვა. საუბარი ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში წარადგინა.
„მცირე მთავრობის“ კონცეფციის პირველი რიგის ამოცანებად მეტი ოპერატიულობა და მეტი მოქნილობა დაასახელა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ 4 ივლისს, როცა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენისთვის წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. თქვა, რომ დაიზოგება ადმინისტრაციული ხარჯიც და დანაზოგი, 2017 წლის დეკემბრის რეორგანიზაციის მაგალითზე დაყრდნობით, წელიწადში 4 მილიონ ლარამდე იქნება. 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ, ასეთი შედეგით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი. „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ასამოქმედებლად საქართველოს კანონმდებლობაში 120-მდე ცვლილება შევა.