ხშირად ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას ახალ ფუნქციას უმატებს, თუმცა სათანადო ფინანსური რესურსი თითქმის არასდროს არ გამოიყოფა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ექსპერტები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ცენტრალური ხელისუფლების ამ მიდგომას უარყოფითად აფასებენ და კანონდარღვევაზე მიუთითებენ.
ექსპერტი კოტე კანდელაკი მაღალმთიანი რეგიონების გავითარების შესახებ კანონზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მთავრობამ ამ სიახლით თვითმმართველობებს სხვა ფუნქცია შეუთავსა, რაც კარგია, თუმა ამ პროცესს უარყოფითი მხარე აქვს.
კოტე კანდელაკი ახმეტის მუნიციპალიტეტის მაგალითზე საუბრობს და მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის ფარგლებში მოსახლეობის აღრიცხვას, მონიტორინგს და სხვა მასთან დაკავშირებულ სამუშაოებს თვითმმართველობა საკუთარი სახსრებით ასრულებს, რაც მკვეთრად ნეგატიური ფაქტია. ექსპერტი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის მიერ ცენტრალური ხელისუფლებისგან დაკისრებული მოვალეობების კარგად შესრულების მიზნით აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრები.
“როდესაც ცენტრალური ხელისუფლება გარკვეული სახის დელეგირებას აძლევს თვითმმართველობას ან ახალ ფუნქცია ემატება მუნიციპალიტეტს, ქართული და ევროპული კანონმდებლობით, ამისთვის აუცილებელია ფინანსური რესურსის გაცემაც. დელეგირების შემთხვევაში ეს არის მიზნობრივი ტრანსფერი. მაგალითად, როგორც მუშაობს რეგიონებში სამხედრო სავალდებული გაწვევის სამსახურები: ამისთვის ცეტრალურ ბიუჯეტში ყოველთვს არის გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერის გრაფა, სადაც გაწერილია თვითოეულ მუნიციპალიტეტს ამ საქმიანობის განსახორციელებლად რამდენი გამოეყოფა. რეალურად ეს არის ცენტრალური ხელისუფლების საქმე, რომელსაც აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა. მაგალითად ,,მთის კანონის“ შემთხვევაში, ხელისუფლებამ დელეგირება მისცა თვითმმართველობას და ფინანსური რესურსი არ მიაყოლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ,,თუ ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობას დავალებას აძლევს, მას ფინანსებიც უნდა მიაყოლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება როგორც ევროპული ქარტიის, ისე კონსტიტუციის დარღვევა“,- აღნიშნავს კოტე კანდელაკი.
კანდელაკის აზრით, თვითმმართველობისთვის დამატებითი ფუნქციის შეთავსებამდე, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაამუშავოს და დეტალურად გაწეროს კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთივის გამოყოფილი თანხის რაოდენობა.
ფინანსების სიმცირეზე საუბრობს თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელიც. ლადო კახოიძის თქმით, მთის კანონის ფარგლებში თუშეთის 52 სოფლის დიდი ნაწილის ფეხით შემოვლა უწევს. ის მიიჩნევს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად თვითმმართველ ერთეულს დამატებითი სახსრები უნდა ჰქონდეს.
“თუშეთი მთაგორიანი დასახლებაა და ამხელა მანძილზე თუნდაც მონიტორინგის ჩატარება ძნელია. 52 სოფელი უნდა შემოვიარო მცირე ნაწილი მანქანით, ნაწილი კი ფეხით. ძალიან კარგი იქნებოდა თანხების გაზრდა ამ კუთხით, რადგან ეს ელემენტარულად საწვავის ყიდვაში მაინც დამეხმარება და ჩემი აზრით, მონიტორინგიც უფრო ეფექტური იქნება’’- განაცხადა ლადო კახოიძემ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 70 სოფელი სარგებლობს. უწყების ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დავით აბულაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს ფინანსური სახსრები არ გამოუყვია, თუმცა დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებენ.
“ამ კუთხით დელეგირების თანმდევი თანხა არ გადმოირიცხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც სამწუხაროა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებთ: ვანიჭებთ სტატუსს მოსახლეობას, რაც დიდ ძალისხმევას და დამატებით შრომას მოითხოვს. აგრეთვე ყოველწლიურად ვატარებთ მონიტორინგს, რადგან კანონით დასახლების 25%-ს უნდა ჩაუტარდეს მონიტორინგი. შესაბამისად კანონით გაწერილ ვალდებულებებს ზედმიწევნით და კარგად ვახორციელებთ‘’, – ამბობს დავით აბულაძე.