ქუთაისში მერიის ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების პიარში ქალაქის ბიუჯეტიდა 153 000 ლარი იხარჯება. მერიის შესაბამის უწყებებში საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობას 22 თანამშრომელი უზრუნველყოფს. საკითხით საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, “ევროპული საქართველოს” წევრი მერაბ მეშველიანი დაინტერესდა. ნიუპრესზე გასული მასალის შემდგომ მეშველიანმა გამოცემას ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ნიუპრესს მერიამ არასრულად გადაუგზავნა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მეშველიანის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მერიის მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში სამი თანამშრომელია გაფორმებული. განყოფილების უფროსის სახელფასო ანაზღაურება 1 300 ლარს შეადგენს, თანამშრომლების კი 1 100 და 900 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციაში მითითებული არ არის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც, სავარუდოდ, შტატგარეშე თანამშრომელია. სამი თანამშრომლის წლიური ხელფასი 39 600 ლარია.
საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის 18 თანამშრომელია მერიის ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში. მერაბ მეშველიანის განცხადებით, კულტურის ა(ა)იპ-ს ყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ამასთან, ამავე სტატუსის თანამშრომლები ფილიალებში არიან დასაქმებული.
ჯამში, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების აღნიშნულ სამსახურებში სახელფასო ანაზღაურების სახით 113 400 ლარი გაიცემა. მეშველიანის თქმით, პიარის სამსახურის არსებობა აუცილებელია, თუმცა გასარკვევია, რამდენად არის საჭირო ამდენი თანამშრომელი.
„ზოგადად, გამჭვირვალობის მიზნით, რა თქმა უნდა, ა(ა)იპ-ს და შპს-ს უნდა ჰყავდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი, მაგრამ არ უნდა მოხდეს დუბლირება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კულტურის ა(ა)იპ-ს ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და ამავდროულად მის ფილიალებში ამ მიმართულებით 6 ადამიანი ჰყავთ გაფორმებული. ასევე, სამი თანამშროემელია „სპეციალურ სერვისებში“.
მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება მის მიერ გადახდილი თანხა, ჭირდება თუ არა ამდენი ერთი და იგივე რანგის თანამშრომელი? რადგან გააქტიურეთ ეს თემა, საზოგადოებას მინდა ვამცნო, ქუთაისში მერიის, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ების პიარში ხელფასის სახით 153 000 ლარი იხარჯება“, -აცხადებს მერაბ მეშველიანი.
მერიაში მიმდინარე წელს რანგირების მიხედვით ხელფასები გაიზარდა, ამასთან თვითმმართველობაში პერიოდულად სახელფასო დანამატი და პრემიაც გაიცემა.
შეგახსენებთ, მერიის ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში პიარის მიმართულებით დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია “ნიუპრესმა” გამოითხოვა, თუმცა იმ დროისთვის, მერიამ ინფორმაცია არასრულად მიაწოდა.