გორის სოფელ ქვახვრელში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში 100 000 ლარი გაანაწილეს

510

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში დღეს 100 000 ლარი გაანაწილეს. სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე დაახლოებით 30-კაციან კრებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ ქვახვრელში ძიუდოს დარბაზში სველი წერტილები გაკეთდება და მინისტადიონი მოწესრიგდება. ამასთან, თანხის ნაწილი სოფელ უფლისციხეში სკვერის მოწყობისთვის დაიხარჯება.

პროექტის კოორდინატორი, ნინო გოლოშვილი ამბობს, რომ მერიის მხრიდან მხოლოდ საინფორმაციო კამპანია ხორციელდება:

,,ჩვენ მოსახლეობას ავუხსენით, თუ როგორ უნდა განაწილდეს ეს თანხა, რომელიც თითოეული თემისთვის გამოიყო. ეს პროცესი 9 ივლისს ატენიდან დაიწყო. რატომ მოხდა, რომ გორის მერი მხოლოდ პირველ სხდომას დაეწრო, ამაზე ვერ გიპასუხებთ” – აცხადებს ნინო გოლოშვილი.

კრების მონაწილე ავთანდილ მირუაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მართლაც მისაღებია, თუმცა, მისთვის უმჯობესია, ქვახვრელის საბავშვო ბაღი გაკეთდეს, რომელიც კერძო სახლშია განთავსებული. პედაგოგი ლიზა მახარაშვილის თქმით, ნალექის დროს გაუსაძლისია სოფლის შიდა გზებზე მოძრაობა.