ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას.
დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმა თავის დროს ნაჩქარევად იქნა გატარებული, თუმცა ახალი გაერთიანებისთვის მხარის დაჭერას საჭიროდ მიიჩნევენ.
მათ მოსაზრებას არ ეთანხმებიან დარბაზში მყოფი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. როგორც სდგკ-ს ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ხინთიბიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების კუთხით:
“ბიურომ განიხილა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხი, რომელსაც ხვალ დაამტკიცებენ საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არ ვუჭერთ მხარს ამ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ უკვე დაყოფილი თვითმმართველობების გაერთიანება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობთ, რომ გაერთიანების შემთხვევაში მივიღებთ ჰიბრიდული ტიპის დასახლებას, სადაც არც ქალაქს და არც თემებს გაერთიანების შესაძლებლობა არ ექნებათ”-აღნიშნავს ხინთიბიძე.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე აცხადებს, რომ ხვალ საკრებულოს სხდომაზე მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რადგან ამ შემთხვევაში დაზოგილი ბიუროკრატიის ხარჯები, მოსახლეობის საჭიროებების დაფინანსების გაზრდაზე აისახება:
“წერილით მოგვმართა საქართველოს მთავრობამ, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების თაობაზე. მთავარი ლაიტმოტივი აქ ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობა მიიღებს უფრო მეტ სერვისს და ნაკლები დაიხარჯება ბიუროკრატიაზე. საუბარია, რომ გაერთიანების შემთხვევაში დაიზოგება სამი მილიონი ლარი, ბიუროკრატიის ხარჯები, რაც დაემატება ინფრასტრუქტურის განვითარებას. არც ბიუჯეტის შემცირება არ მოხდება. რაც ჰონდა ორივე მუნიციპალიტეტს, გაერთიანდება. ეს არის მთავარი მყარი არგუმენტი ჩემთვის, რატომაც ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს. არავის არ ამბობს, რომ ახალი მუნიციპალიტეტის შექმნა შეცდომა იყო, მაგრამ 2014 წელს ეს რეფორმა იყო ნაჩქარევი. მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი დაყოფის. დღეს ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომ გაერთიანდება და მეტი თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურას. როცა გაძლიერდება რეგიონების ეკონომიკა, მაშინ შეიძლება მოხდეს ორად, სამად და გნებავთ ოთხად დაყოფა”-გვითხრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ.
“იგივე პროცედურებს ჩავატარებთ ჩვენც. ხვალ გვექნება ქალაქის საკრებულოს ბიუროს სხდომა. პირადად მე უარყოფითად ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს დეპუტატების შეფასებებს, ამას სხდომაზე მოვისმენ”-ამბობს ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გოგუაძე.
რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებებს, ლევან მგელაძე მუნიციპალიტეტების გაერთიანებას დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:
“თვითმმართველობა არის დემოკრატიის საფუძველი, ისევე როგორც ადამიანის უფლებები, ამიტომ, მუნიციპალიტეტების გაერთიანება მე მიმაჩნია უკან გადადგმულ ნაბიჯად. ის უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაზე”-გვითხრა მგელაძემ.