„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. გორის მერიის ცნობით, კამპანიის ფარგლებში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი კარალეთის, სათბურის დასახლების, დიდი და პატარა გარეჯვრის მოსახლეობას შეხვდა.
“2019 წელს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები ქალაქ გორთან ერთად, სოფლებშიც განხორციელდება. პრიორიტეტული პროექტების შერჩევის პროცესი დღეს დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 2 800 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება. პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მესამე წელია ხორციელდება“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
მერიის ცნობით, შეხვედრის დასასრულს მოქალაქეებს საპროექტო ინიციატივების განაცხადის ფორმებიც დაურიგდათ, რომლებიც 5 აგვისტომდე მერიაში შევსებული უნდა წარადგინონ.
გარდა კარალეთისა, 9 ივლისს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა ატენის ტერიტორიულ ორგანოშიც გაიმართა, რომელსაც ატენის, ბნავისის, ზემო ქსოვრისის, იკვნეთის, ოლოზის, ღვარების, წედისისა და ხადისის მოსახლეობა ესწრებოდა.
გორის მერიის ცნობით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 2019 წელს განსახორცილებელი პროექტების შერჩევის პროცესი, ჯამში 5 ეტაპს მოიცავს. საინფორმაციო კამპანიის შემდეგი ეტაპები განაცხადებების შევსებას, მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გათვალისწინების მიზნით, „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ მიერ ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით პრიორიტეტული პროექტების შერჩევასა და მერისთვის გაცნობას ითვალისწინებს. პროგრამის საინფორმაციო კამპანიას პოლონეთის საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი და ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო აფინანსებს