სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, შესაძლოა, მომავალი წლიდან აღდგეს

1423

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ხელისუფლებამ 2016 წლის ბოლოს გააუქმა, შესაძლოა, მომავალი წლიდან აღდგეს. ამის შესახებ “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” II ფორუმზე გახდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ,  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ის ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.

სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამა, მუნიციპალიტეტების მწირი ბიუჯეტების ფონზე, მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საჭირო და მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში არაერთ სოფელში გარეგანათების, წყლის, გზის და ა.შ. პრობლემები მოგვარდა. რაც მთავარია, ეს იყო ერთადერთი პროგრამა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნიდა – ის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სოფელში, საერთო კრებაზე სწორედ მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი საკუთარი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტი განეხორციელებინა.

ფორუმზე, რომელიც ორი დღის წინ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით ყვარელში გაიმართა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა მოითხოვეს. მანამდე იგივე მოთხოვნა ახალციხეში გამართულ ანალოგიურ ფორუმზე მუნიციპალიტეტების მერებმაც დააყენეს. მერებიც და საკრებულოების თავმჯდომარეებიც აცხადებენ, რომ პროგრამის გაუქმებამ ისინი მოსახლეობას უფრო მეტად დააშორა, ვინაიდან მათ, ერთი მხრივ, მოქალაქეთა მონაწილეობის ყველაზე ეფექტური მექანიზმი მოაკლდათ, მეორე მხრივ კი აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ თითოეულ სოფელში პრობლემები მინიმალურად მაინც მოაგვარონ.

ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხების გამოყოფა აუცილებელია. “მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მის სოფელში გარკვეული თანხა დაიხარჯება და საკითხების გადაწყვეტაშიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული”, – ამბობენ ისინი.

საკრებულოების თავმჯდომარეებთან შეხვედრისას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამაც დაადასტურა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ეფექტური იყო. “ის, რომ ეს კარგი პროგრამა იყო და ეფექტი ჰქონდა, ეს უდავოა. იმართებოდა შინაარსიანი საუბარი მოსახლეობასთან და გადაწყვეტილებასაც, რა უნდა გაკეთებულიყო, სწორედ მოსახლეობა იღებდა”, – განაცხადა შეხვედრაზე გაბუნიამ და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან უკვე ისაუბრა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კი საკრებულოების თავმჯდომარეებს უთხრა, რომ, სავარაუდოდ, პროგრამას აღადგენენ, თუმცა, ისიც თქვა, რომ მასში კორექტივები შევა.

კონკრეტულად რის შეცვლას აპირებს ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, რამდენი იქნება მისი ბიუჯეტი, პროექტების შერჩევის წესი და ა.შ. გიორგობიანს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ ამის შესახებ სიახლეებს სამინისტრო უახლოეს პერიოდში გააცნობს.

ხელისუფლებამ გვიან, მაგრამ მაინც აღიარა, რომ პროგრამის გაუქმება შეცდომა იყო და ორწლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებს მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი თანხები, სავარაუდოდ, კვლავ გაუჩნდება.